მსოფლიოსაზოგადოება

რეკორდი „ლოტოს“ გათამაშებაში – ისრაელში კაცმა 80 მილიონი შეკელი მოიგო

„თავიდან არ ვიცოდი, როგორ შემევსო ბილეთი და საკუთარი მეთოდი მოვიგონე“

ისრაელში „ლოტოს“ ბოლო ტირაჟში რეკორდული თანხა გათამაშდა – მამაკაცმა, რომლის სახელს და გვარს გასაგები მიზეზის გამო არ ასაჯაროებენ, 80 მილიონი ისრაელური შეკელი ($25 მილიონი) მოიგო. წინა რეკორდი გასული წლის მაისში დამყარდა – ქვეყნის სამხრეთში მცხოვრები ქალის მოგებამ მაშინ 76 მილიონი შეკელი შეადგინა.

„ლოტოს“ მთლიანი საპრიზო ფონდი 97 მილიონ შეკელზე მეტი იყო.

ლატარიის გამარჯვებული 3 შვილის მამაა, რომელიც ისრაელის ცენტრალურ ნაწილში ცხოვრობს და ბიზნესი აქვს ესთეტიკური მედიცინის სფეროში.

მედიის ცნობით, მან „ლოტოს“ თამაში ახლახან – იანვარში დაიწყო და ამჯერად მესამედ შეავსო ბილეთი. მამაკაცი ჰყვება, რომ თავიდან არ იცოდა, როგორ შეევსო ბლანკი და გადაწყვიტა საკუთარი მეთოდი მოეგონებინა – ირჩევდა ერთ „ძლიერ“ რიცხვს და დანარჩენი 6 რიცხვის არჩევას აპარატს ანდობდა; პირველ ჯერზე 4 რიცხვი გამოიცნო, მეორეზე – 5. „არ ვიცი, ამან როგორ იმუშავა, მაგრამ გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ დიდი წარმატება შორს არ არის“, – ამბობს იგი.

მისივე თქმით, როდესაც მოგების შესახებ შეიტყო, გვიანი საღამო იყო, მის ცოლს ეძინა და გააღვიძა, რომ ეხარებინა მოგება. ემოციებისგან ვერცერთმა ვეღარ დაიძინა დილის 6 საათამდე. მთელი ღამე საუბრობდნენ, როგორ გაენაწილებინათ თანხა. „მე ყველაფერი მყოფნის, კარიერა ავაწყვე და ჩემი ოჯახი უზრუნველყოფილია და კმაყოფილები ვართ ჩვენი ცხოვრებით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება გაუმჯობესება… ცხადია, ჩვენი შვილების მომავალს უზრუნველვყოფთ“, – აცხადებს იგი.

რეკორდული პრიზი 5 იანვარს, გვიან საღამოს გათამაშდა. გამარჯვებულმა შეავსო ბილეთი „დაბლ- ლოტო“, რომელიც მოგებას აორმაგებს. მომგებიანი კომბინაცია იყო:  6, 7, 16, 30, 32, 36, დამატებითი ნომერი კი – 3.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close