fbpx
სპორტი

პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა – რას წერს „გარდიანი“ ოლიმპიადაში მონაწილე ქართველ სპორტსმენზე

დღეს, 4 თებერვალს, რამდენიმე საათის წინ საზეიმოდ გაიხსნა პეკინის ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები. ორგანიზატორებმა პანდემიის მიუხედავად ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა შემოგვთავაზეს.

ოლიმპიური თამაშები 20 თებერვლამდე გასტანს. მედლები სულ 15 სახეობაში გათამაშდება. 92 ქვეყნის დელეგაციას შორის არის საქართველოს ნაკრებიც. ჩვენი ქვეყნის ღირსებას პეკინში 9 სპორტსმენი დაიცავს და ეს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ჩვენი სპორტსმენები მხოლოდ სამ სახეობაში გამოვლენ.

პეკინი 2022-ის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მედროშეები ნინო წიკლაური და მორის ყვითელაშვილი იყვნენ.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები პეკინი 2022-ზე

მორის ყვითელაშვილი – ფიგურული ციგურაობა, ერთეულთა სრიალი (კაცები)

ანასტასია გუბანოვა – ფიგურული ციგურაობა, ერთეულთა სრიალი (ქალები)

მარია კაზაკოვა და გიორგი რევია – ფიგურული ციგურაობა, ყინულზე ცეკვა (შერეული წყვილები)

კარინა საფინა და ლუკა ბერულავა – ფიგურული ციგურაობა, სპორტული სრიალი (შერეული წყვილები)

ნინო წიკლაური – სამთო თხილამურობა

სოსო ჯაფარიძე – სამთო თხილამუობა

საბა ქუმარიტაშილი – მოციგავე

დამოუკიდებელი საქართველოსთვის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორია 1994 წლიდან იწყება ლილეჰამერში (ნორვეგია), სადაც 5 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა.

საქართველო პეკინი-2022-მდე სულ შვიდ ოლიმპიადაზე გამოვიდა. ქართველი სპორტსმენებისთვის საუკეთესო შედეგი იყო ელენე გედევანიშვილის მეათე ადგილი ფიგურულ ციგურაობაში, ქალთა ინდივიდუალურ გამოსვლაში 2006 წელს ტურინში (იტალია).

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების გამოსვლაზე საუბრისას შეუძლებელია არ გავიხსენოთ მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა. ვანკუვერის 2010 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ქუმარიტაშვილმა უისტლერის საციგაო ტრასაზე საწვრთნელი დაშვებისას მართვა დაკარგა, ტრასიდან ამოვარდა და დაახლოებით 145 კმ/სთ სიჩქარით სვეტს შეეჯახა. 21 წლის ქართველი სპორტსმენი ვერტმფრენით გადაიყვანეს უისტლერის საავადმყოფოში, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

უნდა აღინიშნოს, რომ მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძაშვილია და ისიც 21 წლისაა. საბა ქუმარიტაშვილი მსოფლიო რეიტინგში 47-ეა.

ბრიტანულმა „გარდიანმა“ საბა ქუმარიტაშვილის გამოსვლას ოლიმპიადაზე სტატია მიუძღვნა, რომელიც 3 თებერვალს გამოქვეყნდა. ქართველი სპორტსმენი ამბობს, რომ მისთვის „ნოდარზე ფიქრი მტკივნეულია, მაგრამ ძალას მატებს“.

„ვფიქრობ, რომ ყველა სპორტსმენის მიზანი და ოცნება ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაა, ამიტომ ორი წლის წინ ეს მიზანი დავისახე. და აი, აქ ვარ“, – თქვა მან გამოცემასთან საუბარში.

საბა ქუმარიტაშვილი ოლიმპიურ ასპარეზობაში 5 თებერვლიდან ჩაებმება.

წარმატებები ვუსურვოთ საბას და ჩვენს სპორტსმენებს.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close