ტაშკენტის ზოოპარკში შოკისმომგვრელი შემთხვევა მოხდა. ზოოპარკის ვიზიტორმა ქალმა პატარა გოგონა, რომელიც თან ახლდა, დათვის ვოლიერში ჩააგდო. ამის შესახებ ზოოპარკის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით უზბეკური მედია წერს. შემთხვევა 28 იანვარს მოხდა.
„28 იანვარს, დღის 12 საათზე ახალგაზრდა ქალმა უცნობი მოტივით პატარა გოგონა დათვის ვოლიერში ჩააგდო. წარმოდგენაც კი საშიშია, რით დამთავრდებოდა ეს ამბავი, დათვი რომ ბავშვს, როგორც მტაცებელი ნადავლს, ისე მოქცეოდა“, – აცხადებენ ზოოპარკის პრესსამსახურში.
„კავკასიური მურა დათვი ზუზუ, რომელიც თავის ვოლიერში იწვა, თვალს ადევნებდა ქალის ქმედებებს, რომელმაც ბავშვი ლითონის ღობის ზემოდან გადააგდო. ზოოპარკის ვიზიტორებისა და თანამშრომლების მცდელობის მიუხედავად ქალის შეჩერება ვერ მოხერხდა.
დათვი ნელ-ნელა დაიძრა თავის ვოლიერში აღმოჩენილი ბავშვისკენ, გოგონას მიუახლოვდა, დასუნა და მოშორდა. ზოოპარკის თანამშრომლებმა სწრაფად მოახდინეს რეაგირება და დათვი შიდა ოთახში შეიტყუეს, სადაც ის უპრობლემოდ შევიდა“, – ნათქვამია ზოოპარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბავშვი ვოლიერიდან გამოყვანის შემდეგ ექიმმა გასინჯა. მას დაზიანებები 5 მეტრის სიმაღლიდან ჩაგდების გამო ჰქონდა მიყენებული. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დადგინდა, რომ ბავშვი მსუბუქი შოკის მდგომარეობაში იმყოფება, ქალა-ტვინის ღია ტრავმა და ტვინის შერყევა აღენიშნება.
ამ დროისთვის სამართალდამცავი ორგანოები ამ შემთხვევის მიზეზებს იძიებენ, ბავშვი კი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. ტაშკენტის ზოოპარკმა თავის თავზე აიღო გოგონას სამედიცინო მომსახურების ყველა ხარჯი.
ქალის წინააღმდეგ, რომელმაც ბავშვი დათვის ვოლიერში ჩააგდო, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით – „უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში“. ეს მუხლი 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მაქსიმალური სასჯელი კი 25 წელია.
rustavi2.ge
კომენტარები