ვიდეოსაბერძნეთი

საბერძნეთი: 25 იანვარს თითქმის ყველაფერი დაიკეტა უამინდობის გამო (ვიდეო)

იმუშავებენ მხოლოდ პირველადი მოხმარების საგნების მაღაზიები, აფთიაქები და ავტოგასამართი სადგურები

ატიკაში (ათენის რეგიონი)  და სხვა რაიონებში, რომლებიც ცივი ფრონტის – „ელპისის“ გავრცელების შედეგად უამინდობამ ძლიერ დააზარალა, სამშაბათს, 25 იანვარს მხოლოდ აფთიაქები, სუპერმარკეტები და ავტოგასამართი სადგურები იმუშავებენ. დანარჩენი ყველა დაწესებულება დაკეტილი იქნება – ბანკების და არაპირველადი მოხმარების საგნების მაღაზიების ჩათვლით. ამის შესახებ განცხადება განვითარებისა და ინვესტიციების სამინისტროს ვაჭრობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის გენერალურმა სამდივნომ გაავრცელა.

სუპერმარკეტები დილის 10 საათზე გაიხსნა და საღამოს 6 საათამდე იმუშავებენ. ავტოგასამართი სადგურები და აფთიაქები  ჩვეულებრივ სამუშაო საათებში მიხედვით იქნება ღია, მორიგეობის გრაფიკის დაცვით.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მიღებული  ზომები ძალაში იქნება შემდეგ რაიონებში: ატიკა, ბეოტია, ევია (ევბეა), კიკლადის კუნძულები, სპორადის კუნძულები, დოდეკანესი და კრეტა.

აგრეთვე, არ ჩატარდება 25 იანვრისთვის დანიშნული კოვიდსაწინააღმდეგო აცრები  – უამინდობის გამო არც ვაქცინაციის ცენტრები იმუშავებენ ატიკისა და ევიის  (ევბეა) პრეფექტურებში. ამის შესახებ საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება. მოქალაქეებს მოუწევთ სხვა დღეებში ჩანიშნონ აცრისთვის ვიზიტი.

25 იანვარს სკოლები დაკეტილი იქნება და არც დისტანციური სწავლება ჩატარდება ატიკაში, ევბეაში, ბეოტიაში, კიკლადებზე და სპორადებზე.

უამინდობის გამო ატიკის ათობით რაიონში მოსახლეობა სითბოსა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, მათ შორის, ვულაში, მარუსიში, Xალანდრიში, ფსიხიკოში, ნეა სმირნიში და სხვ. ΔΕΔΔΗΕ-ს ბრიგადები ცდილობენ, პრობლემები ოპერატიულად მოაგვარონ, თუმცა დაზიანებულ ელექტროქსელებამდე ტექნიკისა და სპეციალისტების მისვლა ძნელდება. ატიკაში დაფიქსირებულია დაბალი და საშუალო ძაბვის ხაზების 5000-მდე დაზიანება.

უხვი ნალექის გამო პრობლემები შეიქმნა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, სადაც ძლიერი თოვლის გამო, ათობით ავტომობილი ღამის განმავლობაში გზაზე ჩაიხერგა. ავტომობილის მძღოლებს სასმელი წყალი, საკვები და პლედები დაურიგეს. გზების გასაწმენდად მაშველების მობილიზება გახდა საჭირო.

უამინდობის გამო შეფერხდა საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლაც. გავრცელებული ინფორმაციით, 200 მგზავრიდან 15 დაშავდა, როდესაც თოვლში გაჩერებული მატარებლის სარკინიგზო ბუქსირით გადაყვანას ცდილობდნენ. დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

მეტეოროლოგების პროგნოზით, უხვი ნალექი საბერძნეთში კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

ნინო ბაჯელიძე

ავტორის ვიდეო

p. s. ქართველი ემიგრანტებისთვის საყურადღებოდ ადვოკატი პაატა სიმსივე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ 24 იანვრის 12  საათიდან დაიკეტა ბევრი საჯარო უწყება და ვინც ამის გამო საბუთები/თითის ანაბეჭდები ვერ ჩააბარა, უნდა მიადევნონ თვალი განცხადებებს, რომ გაიგონ, როგორ ჩატარდება გაცდენილი პროცედურა განმეორებით.

„ასევე ვისაც ხვალისთვის (25 იანვარი) გქონდათ ჩანიშნული შეხვედრა გაცნობებთ, რომ მთელი ატიკის მასშტაბით ყველა შესაბამისი უწყება (პალინი, პირეა, ათენის Α და Β) დაკეტილი იქნება“, – წერს პაატა სიმსივე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close