საზოგადოებასაბერძნეთი

ციკლონი „ელპისი“ – თოვლმა ათენში პრობლემები შექმნა (ვიდეო)

საბერძნეთში პოპულარული პლაჟები სამთო-სათხილამურო კურორტებს დაემგვანა

ნამდვილი პრობლემები შექმნა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ციკლონ „ელპისის“ მიერ გამოწვეულმა უამინდობამ და თოვლმა. 

დილის 10 საათიდან 112-ის სამსახურმა ათენის მაცხოვრებლებს გაუგზავნა შეტყობინება თხოვნით, თავი შეიკავონ გარეთ გასვლისგან, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს, მოსალოდნელი ძლიერი თოვის გამო.

ცუდი სიტუაცია შეიქმნა კიფისიასზე, ათენის ერთ-ერთ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე: გზა თოვლით დაიფარა და მასზე მოძრავ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შეაფერხა. ტრანსპორტის მოძრაობის პრობლემები შეიქმნა ათენის ჩრდილოეთ გარეუბნებში, დედაქალაქის ცენტრამდე.

ათენის მუნიციპალიტეტში დილიდან მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა და სამსახურები, რათა დედაქალაქის ყველა მთავარი გზა გახსნილი ყოფილიყო აუცილებელი მიზნებით გადაადგილებისთვის და განსაკუთრებით საავადმყოფოებსა და სამედიცინო ცენტრებთან მისასვლელად.

დროებით შეჩერდა აეროპორტის მიმართულებით ელექტრომატარებლების მოძრაობა.

ზოგიერთ ხაზზე შეჩერდა ტრამვაის მოძრაობაც (მაგ., ვულიაღმენის გაჩერებაზე) ლიანდაგების მოყინვის გამო.

როგორც TRAINOSE-ი იტყობინება, ამინდის პირობების გამო დღეს აღარ განხორციელდება ნაშუადღევის ადგილობრივი მარშრუტები ქალაქგარე რკინიგზის მონაკვეთზე კოროპი -კანძა.

ძლიერი თოვის გამო სერიოზული პრობლემები წარმოიშვა გზებზე მთელ ატიკის რეგიონში.

TRAINOSE-ის ინფორმაციით, დღეს გაუქმდა რეისები:

  • 1546, 1551, 1554, 1559 ათენი – ქალკიდის მონაკვეთზე;
  • 2238, 2239, 2246, 2247 აეროპორტი – ა. ლიოსიის მონაკვეთზე.

„ელპისის“ პირველი დარტყმა 22 იანვარს, შაბათს კიკლადის კუნძულებმა მიიღეს.

თოვლი მოვიდა ატიკის რეგიონში, ძირითადად, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, მთებზე.

ტემპერატურა მინუსის მაჩვენებლებზე დაეცა თავად საბერძნეთის დედაქალაქ ათენშიც კი, სადაც ამ დროისთვის წყალთოვაა.

ათენი, 24 იანვარი; გიორგი ჯანელიძის ფოტო.

ატიკაში, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების მიზნით,  24 და 25 იანვარს სკოლები დაიკეტა.

ბავშვებმა და დიდებმა თოვლში გართობით იჯერეს გული არა რომელიმე სამთო-სათხილამურო კურორტზე, არამედ ათენიდან სულ რაღაც 16 კმ-ის დაშორებით, გლიფადის პლაჟზე.

CNN Greece / Λευτέρης Παρτσάλης – Γλυφάδα
CNN Greece / Λευτέρης Παρτσάλης – Γλυφάδα

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close