fbpx
ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

რუსუდან კიკნაძის შვილის, ნიკოლოზ ხარაბაძის მკვლელობის დეტალები

ნიკოლოზ ხარაბაძის სასტიკი მკვლელობის შესახებ აშშ-ში ორი დოკუმენტური ფილმია გადაღებული და შესულია კრიმინალისტიკის სახელმძღვანელოში.

ლოს-ანჯელესში 76 წლის ასაკში მსახიობი რუსუდან კიკნაძე გარდაიცვალა.  ულამაზესი ქართველი ქალის გარდაცვალებამ საქართველოში ყველას გაახსენა მის თავს გადახდენილი უმძიმესი ტრაგედია – 30 წლის შვილის, ნიკუშა ხარაბაძის (ხარება) მოტაცება და მკვლელობა. 

აშშ-ში გახმაურებულ დანაშაულს, რომელიც ე.წ. რუსულ მაფიოზურ დაჯგუფებას ეხებოდა, ერთ რანგში აყენებენ ჩარლზ მენსონის „ოჯახის“ საქმესთან. ნიკოლოზ ხარაბაძის სასტიკი მკვლელობის შესახებ აშშ-ში ორი დოკუმენტური ფილმია გადაღებული და შესულია კრიმინალისტიკის სახელმძღვანელოში. თუმცა ქართულ პრესაში, აღნიშნული საქმის დეტალებზე საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება.

საქმე ეხება რამდენიმე ადამიანს, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან ამერიკაში გადავიდნენ საცხოვრებლად, ისინი გამოსასყიდის მიზნით იტაცებდნენ თავიანთ ყოფილ თანამემამულეებს და ფულის აღების მიუხედავად, მაინც კლავდნენ. სწორედ მათი მსხვერპლი გახდა ახალგაზრდა და უკვე საკმაოდ ცნობილი კინოპროდიუსერი ნიკოლოზ (ხარება) ხარაბაძე.

2007 წელს ბანდის ლიდერებს სიკვდილი მიუსაჯეს, თუმცა განაჩენი დღემდე არ აღსრულებულა. 2018 წელს აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. რუსულენოვანი ორი ემიგრანტი, რომელიც მსჯავრდებულია 2001-2002 წლებში ადამიანების მოტაცებასა და მკვლელობებისთვის, კვლავ სიკვდილმისჯილად ითვლება.

გამოძიების მონაცემებით, 2001-2002 წლებში მათ ჩამოაყალიბეს ბანდა, რომელიც საბჭოთა კავშირიდან ჩასულ, შეძლებულ ემიგრანტებს იტაცებდა და კლავდა. შემდეგ კი, მათი ნათესავებისგან გამოსასყიდს ითხოვდა. ბანდის წევრებმა ამ გზით 1,2 მილიონი დოლარი დააგროვეს.

მოტაცებულებს ცელოფნის პარკით ახრჩობდნენ, ცხედრებს კი, ნიუ მელოუნსის წყალსაცავში ყრიდნენ.

ექსპერტებმა დაადგინეს გარდაცვლილების ვინაობა. ისინი აღმოჩნდნენ გიორგი საფიევი, ალექსანდრ უმანსკი, მეიერ მუსკატელი, ნიკოლოზ ხარაბაძე და რიტა პეკლერი. გამომძიებლების ინფორმაციით, დამნაშავეები ანალოგიურ მკვლელობებს სხვა შტატებშიც გეგმავდნენ, თუმცა პოლიციამ მათი დაკავება მოახერხა.

ბანდის მეთაურები იყვნენ 1966 წელს დაბადებული ლიეტუველი იურიუს კადამოვასი და 1965 წელს დაბადებული პეტერბურგელი იური მიხალი. 2007 წელს ნაფიცმა მსაჯულებმა ისინი დამნაშავედ ცნეს. ბანდის დანარჩენმა წევრებმა, რომლებიც ასევე ყოფილი სსრკ-ს მოქალაქეები იყვნენ, სხვადასხვა სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის და გამოძიებასთან თანამშრომლობის აქტიურობის მიხედვით მიიღეს.

რეზონანსული გამოძიება 2001 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც ხელოვნურ ტბაში მეთევზეებმა ნაპირიდან 20 მეტრში ასაკიანი მამაკაცის ცხედარი შენიშნეს, რომელსაც ხელები შეკრული ჰქონდა, თავზე კი- პლასტიკატის პაკეტი ჰქონდა ჩამოცმული. პოლიციამ დაადგინა, რომ უცნობი წყალში გადაგდებამდე გაგუდეს. მას ფეხზე შრამი ჰქონდა, რომელიც მიმაგრებულმა სიმძიმემ დაუტოვა. როგორც ჩანს, სიმძიმე არ იყო კარგად დამაგრებული და ცხედარი ამოტივტივდა .

ნიკოლოზ ხარაბაძე და გიორგი საფიევი

საფიევის შესახებ ინფორმაცია მიხელმა და კადამოვასმა, სავარაუდოდ, რუსეთიდან მიიღეს. ახალგაზრდა ბიზნესმენს სამშობლოში ფულის გათეთრებისა და საბანკო მაქინაციების რამდენიმე გახმაურებულ საქმესთან აკავშირებდნენ, რის გამოც მან რუსეთი დატოვა და აშშ-ში ახალი ცხოვრების დასაწყებად დასახლდა.

ლოს-ანჯელესში ის დაუახლოვდა ქართველი მსახიობების, გოგი ხარაბაძისა და რუსუდან კიკნაძის შვილს – ნიკოლოზ ხარაბაძეს (ხარება). ის აშშ-ში დედასთან ერთად 17 წლის ასაკში გაემგზავრა. დაამთავრა სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტი, მიიღო ხმის ოპერატორის სპეციალობა და ჰოლივუდში კარგი კავშირები ჰქონდა. ურთიერთობაში ძალიან გახსნილი და საიმედო, ის ჰოლივუდის ვარსკვლავებთან მეგობრობდა. მოსკოვში მან ჩაიყვანა დოლფ ლუნდგრენი და ჯონ მალკოვიჩი.

ხარებას ჰოლივუდური კავშირები საფიევმა სათანადოდ შეაფასა და თავის ახლად შექმნილ სტუდიაში მიიწვია პარტნიორად. პირველი პროექტი უნდა ყოფილიყო ბელიაევის  ნაწარმოების, „ადამიანი ამფიბიას“ ეკრანიზაცია, თუმცა ამ გეგმას განხორციელება არ ეწერა.

როდესაც 2002 წლის იანვარში საფიევი მოსკოვიდან ლოს- ანჯელესში დაბრუნდა, დამნაშავე დუეტმა მასზე ნადირობა განაახლა. მათი გადაწყვეტილებით, საფიევისთვის ხაფანგი მისი მეგობრისა და საქმიანი პარტნიორის, ნიკოლოზ ხარაბაძის მეშვეობით უნდა დაეგოთ.

წინასწარ შემუშავებული გეგმით, კადამოვასის მეგობარმა ქალმა ხარებას „კერძო კლუბში“ საქმიანი შეხვედრა სთხოვა. სინამდვილეში ეს კადამოვასის კომპანია Designed Water World-ის ოფისი იყო. როდესაც ხარება ადგილზე მივიდა, ბანდის სხვა წევრები – ალტმანისი და მარკოვსკისი ბილიარდს თამაშობდნენ, მიხელი და კრილოვი სვამდნენ, კადამოვასი კი ბარმენის როლს ასრულებდა. დახლში მას იარაღი ჰქონდა დამალული.

სოლოვიოვამ ხარებას სთხოვა, მისთვის კოქტეილი შეეკვეთა. კრილოვმა კი მათ უკან კარი ჩაკეტა. ხარება სკამზე მიაბეს, წაართვეს ტელეფონი, მანქანის გასაღები, საფულე და უთხრეს, რომ მისი დახმარებით საფიევის მიტყუება უნდოდათ. იარაღის მუქარისა და ზეწოლის ქვეშ მას აიძულეს დაერეკა საფიევთან და დაერწმუნებინა, რომ მისულიყო Designed Water World-ის ოფისში.

საფიევი მალევე მივიდა, შესვლისთანავე მას თავს დაესხნენ მიხელი, კადამოვასი, ალტმანისი კიროვი და მარკოვსკისი. ის სკამზე მიაბეს და წაართვეს ტელეფონი, გასაღები და საფულე. საფიევს მოსთხოვეს დაერეკა თავის პარტნიორ კონსტანტინ ტეჟიკთან, რათა მას 940 000 დოლარი გადაერიცხა უცხოეთის ბანკში.

ხარაბაძე და საფიევი 4 დღის განმავლობაში კადამოვასის სახლში იყვნენ დატყვევებული. ბანდიტებმა საფიევის ხმა ჩაიწერეს, რათა მისი მოკვლის შემდეგაც გაეგრძელებინათ ფულის გამოძალვა.

კადამოვასმა მარკოვსკის უთხრა, რომ შემდგომშიც აპირებს გააგრძელოს ადამიანების მოტაცება გამოძალვის მიზნით. ცხედრებს ტბაში გადაყრის და, მისივე თქმით, ეს გაგრძელდება მანამ, სანამ 50 მილიონ დოლარს არ დააგროვებს, თუნდაც იმდენი ადამიანის მოკვლა მოუხდეს, რომ ტბა მთლიანად ცხედრებით გაივსოს.

მას შემდეგ, რაც ბანდიტებმა სრულად მიიღეს 940 000 დოლარი, გადაწყვიტეს, რომ ხარაბაძე და საფიევი უკვე არაფერში სჭირდებოდათ. ისინი არყით დაათვრეს და წყალსაცავისკენ წაიყვანეს ორი მანქანით. სიკვდილის წინ დატყვევებულებს გადარჩენის შანსი გაუჩნდათ. ავტომობილები პოლიციამ გააჩერა. მიხელი მანქანიდან გადავიდა და პოლიციელს გაესაუბრა, რის შემდეგაც სამართალდამცველმა შენიშვნა მისცა, რომ მანქანები სიარულის დროს დისტანციის წესს არღვევდნენ. ჯარიმა გამოუწერა და გაუშვა. მოგვიანებით სოლოვიოვამ გამოძიებას უთხრა, რომ კადამოვასი პოლიციელის მოკვლას აპირებდა, თუ ის ავტომობილის გაჩხრეკას გადაწყვეტდა.

წყალსაცავთან მიხელმა ხარებას თავზე პარკი ჩამოაცვა და გაგუდა. მას სიმძიმე მიაბეს და ხიდიდან წყალში გადააგდეს. საფიევმაც იგივე ბედი გაიზიარა. მიხელმა კადამოვასს უთხრა, რომ საფიევის მოკვლა გაუჭირდა, რადგან ის „გველივით ძლიერი გამოდგა“.

მიხელმა ხარაბაძის და საფიევის ბარათებიდან ფული მოხსნა. ფაქტი ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს და ჩანაწერი სასამართლოზე მტკიცებულებად იქნა წარდგენილი. ბარათები კადამოვასმა თავის ნაცნობს, ვლადიმერ პანიუჩიკს გერმანიაშიც გაატანა და სთხოვა, იქ მოეხსნა ნაღდი ფული. საფიევის ერთ-ერთი ბარათით მიხელმა 9 000 დოლარის ელექტროტექნიკა შეიძინა. მოგვიანებით საფიევის პარტნიორ ტეჟეკს დაურეკა და ფაქსით გაუგზავნა წერილი, რომელიც საფიევს სიცოცხლეში დააწერინა. წერილში საფიევი კიდევ 4 მილიონი დოლარის გადარიცხვას ითხოვდა. ტეჟეკმა მიხელთან სატელეფონო საუბარი ჩაიწერა.

მიღებული ფულით კადამოვასმა და მიხელმა სახლები გაირემონტეს და ძვირადღირებული ავტომობილები შეიძინეს, შეყვარებულები გულუხვად დაასაჩუქრეს და პრესტიჟულ კურორტებზე წაიყვანეს.

რუსუდან კიკნაძე

ხარება რუსუდან კიკნაძის ერთადერთი შვილი იყო. ამერიკაში დედა-შვილი მსახიობის მეორე ქმართან, მატვეი შატცთან ერთად ცხოვრობდა, რომელსაც ხარება საკუთარი შვილივით უყვარდა. როგორც ამბობენ, მამინაცვალმა გერის გარდაცვალება ძალიან მძიმედ გადაიტანა. ის ორი წლის წინ მძიმე დაავადების შედეგად გარდაიცვალა. ხარებას დაკარგვის შემდეგ რუსუდან კიკნაძე მძიმე დეპრესიით იტანჯებოდა. ტრაგედიის შემდეგ წყვილმა საქართველოდან ბავშვი აიყვანა, რომელიც ამ დროისთვის 17 წლის იქნება.

რუსუდან კიკნაძე 20 იანვარს საკუთარ სახლში მოულოდნელად, ინფარქტით გარდაიცვალა.

შემოკლებული ვერსია. სრულად წაიკითხეთ აქ: www.infopostalioni.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close