fbpx
ვიდეოსაზოგადოება

ჩეხმა მომღერალმა სპეციალურად დაიინფიცირა თავი კოვიდ-19-ით და გარდაიცვალა (ვიდეო)

ჩეხი მომღერალი, ფოლკჯგუფ Asonance-ის წევრი ჰანა ჰორკა კოვიდ-19-ისგან გარდაიცვალა. მან აცრა არ გაიკეთა, ამჯობინა, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულიყო და გამოჯანმრთელებულიყო და ასე მიეღო კოვიდსერტიფიკატი სხვადასხვა ღონისძიებაზე დასასწრებად. 57 წლის მომღერლის გარდაცვალება „ბიბისის“ მისმა ვაჟიშვილმა დაუდასტურა.

მომღერალმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კორონავირუსზე ტესტის დადებითი პასუხის შემდეგ გამოჯანმრთელებისკენ მიდის, თუმცა ამ ჩანაწერიდან 2 დღის შემდეგ გარდაიცვალა.

მომღერლის ვაჟიშვილმა იან რეკმა თქვა, რომ როდესაც მას და მამამისს ინფექცია დაუდასტურდათ, იმის მაგივრად, რომ დედა მათგან იზოლირებული ყოფილიყო, გვერდიდან არ მოშორებიათ. ჰორკამ სპეციალურად დაიინფიცირა თავი.

„ის იზოლაციაში უნდა ყოფილიყი ჩვენი დადებითი პასუხიდან ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ გვერდიდან არ მოგვშორებია“, – განაცხადა იანმა. მისივე თქმით, ის და მამამისი სრულად ვაქცინირებულები იყვნენ და ადვილად გამოჯანმრთელდნენ.

მომღერალს უნდოდა კორონავირუსი გადაეტანა, რათა ჩეხეთში სავალდებულო კოვიდსაშვი მიეღო ზოგიერთ დაწესებულებაში – მაგ., კინოთეატრებში, ბარებსა და კაფეებში შესასვლელად. სიკვდილამდე 2 დღით ადრე იგი წერდა, რომ გამოჯანმრთელებისკენ მიდის და მალე შეძლებს „თეატრში, საუნასა და კონცერტზე წასვლას“.

კვირა დილით მან ახლობლებს უთხრა, რომ კარგად გრძნობდა თავს და გასასეირნებლად წასვლა დააპირა, თუმცა უეცრად ზურგი ასტკივდა და საძინებელში დაწვა. „10 წუთის შემდეგ ყველაფერი დასრულდა – იგი გარდაიცვალა“, – ჰყვება მომღერლის შვილი.

ჰანა ჰორკა შვილთან – იანთან ერთად

იგი ამბობს, რომ დედამისი არც ანტივაქსერი ყოფილა და არც კონსპიროლოგიის თეორიების სჯეროდა, უბრალოდ, ამჯობინებდა, რომ აცრის გაკეთების ნაცვლად ვირუსი გადაეტანა. მისივე თქმით, ვაქცინაციაზე მისი დათანხმება შეუძლებელი იყო, რადგან ამ საკითხზე ძალზე ემოციურად რეაგირებდა, თუმცა მისთვის და მამამისისთვის აცრის გაკეთება არ დაუშლია.

ჩეხეთში, რომლის მოსახლეობა 10,7 მლნ-ს შეადგენს, ბოლო პერიოდში, „ომიკრონის“ გავრცელების გამო, ყოველდღიურად კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინიფიცრება თითქმის 26 ათას ადამიანს დაუდასტურდა. მთლიანობაში კი, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსით  2 678 767 ადამიანი დაინფიცირდა, საიდანაც 36 972 გარდაიცვალა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close