fbpx
მედიცინა

ევროკავშირმა აშშ-ში აღიარებული ალცჰეიმერის საწინააღმდეგო წამალი არ დაამტკიცა

ევროკავშირმა უარი თქვა ალცჰაიმერის დაავადებასთან საბრძოლველად შექმნილი ახალი პრეპარატის გამოყენებაზე თანხმობა გაეცა იმ მოტივით, რომ ის უსაფრთხო არ არის. საქმე ეხება ადუკანუმაბს. ეს არის 20 წლის მანძილზე ალცჰეიმერის წინააღმდეგ შექმნილი პირველი პრეპარატი, რომელიც აშშ-ში დაუშვეს.

თავად აშშ-შიც ამბობდნენ, რომ ჯერჯერობით ამ წამლის სასარგებლოდ ნაკლები მტკიცებულებები არსებობს. პრეპარატი მიმართულია ამილოიდოზის აღკვეთისკენ. ეს არის ცილოვანი მიმოცვლის  დარღვევა, რომელიც ადამიანის ტვინში ანომალური ცილის კონცენტრაციას იწვევს, რაც მათ აზროვნებაზე ახდენს გავლენას.

ევროპის წამლის სააგენტომ ევროკავშირის ტერიტორიაზე ადუკანუმაბის გამოყენების ნებართვის გაცემაზე იმსჯელა და დაადგინა, რომ პრეპარატი ზრდასრული სიმპტომიანი ადამიანების ადრეულ სტადიაზე სამკურნალოდ არაეფექტურია.

სააგენტომ ეს გადაწყვეტილება ორი ხანგრძლივი კვლევის შედეგად მიიღო, რომელშიც ალცჰეიმერის ადრეული სტადიით დაავადებულმა 3 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათი ნაწილი 20 თვის განმავლობაში იღებდა ადუკანუმაბს, ნაწილი კი პლაცებოს. ამ ვადის გასვლის შემდეგ მეცნიერებმა მათი მდგომარეობა თავდაპირველ მდგომარეობას შეადარეს.

“შედეგები წინააღმდეგობრივი იყო და მთლიანობაში არ აჩვენა, რომ ადუკანუმაბი ეფექტურია ზრდასრული ადამიანების ალცჰეიმერის ადრეულ სტადიაზე სამკურნალოდ. გარდა ამისა, ზოგიერთი პაციენტის ტვინის სკანირებამ გამოავლინა შეშუპება ან სისხლნაჟღენთი, რამაც პოტენციურად პაციენტს შეიძლება ზიანი მიაყენოს. შედეგებმა არ აჩვენა, რომ პრეპარატი საკმარისად უსაფრთხოა“– ნათქვამია ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს განცხადებით პრეპარატის სარგებელი არ აღემატება მის  შესაძლო რისკებს და ის ამ პრეპარატის გაყიდვის უფლებას არ იძლევა.

საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებიც ალცჰეიმერით დაავადებული ადამიანების დასახმარებლად მუშაობენ ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულები არიან, რადგან ათასობით ადამიანმა დაკარგა იმედი, რომ პოტენციურად წამალი დაეხმარება.

ამჟამად ევროკავშირში დემენციის მქონე 8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, დიდ ბრიტანეთში დაახლოებით მილიონი. ვარაუდობენ, რომ 2050 წლამდე მათი რაოდენობა გაორმაგდება.

დემენციის შემთხვევების უმრავლესობა ალცჰეიმერის დაავადებით არის გამოწვეული.

პრეპარატ ადუკანუმაბის მწარმოებელ კომპანია Biogen-ს შეუძლია ევროპის წამლის სააგენტოს შემდგომი ორი კვირის განმავლობაში გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნით მიმართოს.

newsreport.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close