fbpx
იტალიაპოლიტიკა

იტალიის მემარჯვენე პარტიებმა პრეზიდენტის პოსტზე სილვიო ბერლუსკონის კანდიდატურა წამოაყენეს – ბერლუსკონის მუქარა

იტალიის 3-ვე წამყვანმა მემარჯვენე კონსერვატიულმა პარტიამ მხარი დაუჭირა სილვიო ბერლუსკონის კანდიდატურას ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე – ამის შესახებ გასულ პარასკევს „ლიგის“ ლიდერმა მატეო სალვინიმ განაცხადა. 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „ფორცა იტალიას“ („Forza Italia“) ლიდერი, 85 წლის სილვიო ბერლუსკონი ჯერჯერობით ერთადერთი კანდიდატია იტალიის პრეზიდენტის პოსტზე, რომელმაც თავისი კანდიდატურა ოფიციალურად წამოაყენა.

მემარცხენე ლიბერალებმა, რომლებიც „ლიგისა“ და „ფორცა იტალიას“ პარტნიორები არიან „ფართო სამთავრობო კოალიციაში“ (რომელშიც მესამე წამყვანი მემარჯვენე პარტია – „იტალიის ძმები“ არ შედის), მანამდე განაცხადეს, რომ  კოალიციას დატოვებენ, თუ ბერლუსკონი ქვეყნის პრეზიდენტი გახდება.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ყველაზე მეტი შანსი ამ პოსტზე მოქმედ პრემიერს, მარიო დრაგის აქვს, თუმცა მას ოფიციალურად ჯერჯერობით არც წამოუყენებია თავისი კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა არც უარი უთქვამს ამგვარ შესაძლებლობაზე.

თავის მხრივ, სილვიო ბერლუსკონი იმუქრება, რომ „ფორცა იტალია“ სამთავრობო კოალიციას დატოვებს, თუ დრაგი პრეზიდენტი გახდება. მატეო სალვინიმ, რომელიც ცოტა ხნის წინ ამბობდა, რომ დრაგის კანდიდატურას მხარს დაუჭერდა პრეზიდენტის პოსტზე, „ფირფიტა გადააბრუნა“ და ახლა სხვანაირად ალაპარაკდა: მისი თქმით, დრაგი უნდა დარჩეს მთავრობის მეთაურად, რათა იტალიამ ბოლომდე დაძლიოს პრობლემები და კრიზისიდან გამოვიდეს. „იტალიას სჭირდება დრაგი პრემიერ-მინისტრის პოსტზე“, – განაცხადა სალვინიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის მოქმედი პრეზიდენტის – სერჯო მატარელას უფლებამოსილების 7-წლიანი ვადა 3 თებერვალს იწურება და იგი არ აპირებს, მეორე ვადით იყაროს კენჭი. ახალი პრეზიდენტის არჩევის პროცედურა კი 24 იანვარს დაიწყება – სწორედ ამ დღისთვის მოიწვია იტალიის პარლამენტის დეპუტატთა (ქვედა) პალატის თავმჯდომარემ რობერტო ფიკომ პარლამენტის გაერთიანებული სხდომა რეგიონების დეპუტატების მონაწილეობით.

იტალიის პრეზიდენტს, კანონის თანახმად, გაერთიანებული კოლეგია ირჩევს – მთლიანობაში 1009 წევრი პარლამენტის ზედა (სენატი) და ქვედა (დეპუტატთა) პალატებიდან, 58 რეგიონული წარმომადგენლის ჩათვლით. ისინი ფარული კენჭისყრის რაუნდების სერიას გამართავენ. მოსალოდნელია, რომ რამდენიმე ტური გაიმართება.

ხმის მიცემის პირველ სამ რაუნდში პრეზიდენტის ასარჩევად საჭიროა ხმების მინიმუმ 2/3-ის მოგროვება, ხოლო მეოთხე რაუნდიდან უკვე აბსოლუტური უმრავლესობაც (50%-ს + 1) საკმარისია.

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 50%-ს პრეზიდენტის პოსტზე შესაფერის კანდიდატად მარიო დრაგი მიაჩნია.

იტალიის პრეზიდენტის როლი, ძირითადად, ცერემონიულია, თუმცა მას აქვს უფლებამოსილება, გადაჭრას პოლიტიკური კრიზისი (როგორც ეს მოხდა მატარელას შემთხვევაში, როდესაც გასული წლის იანვარში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ პარლამენტის მხარდაჭერა ვერ მიიღო და წინა სამთავრობო კოალიცია დაიშალა), დაასახელოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close