მედიცინამსოფლიო

ესპანეთში კოვიდ-19-ის ტესტები აფთიაქში მაქსიმუმ 2,94 ევროდ გაიყიდება

როდის გამოცხადდება კოვიდ-19 ენდემურ დაავადებად?

ესპანეთის მოსახლეობას დღეიდან, 15 იანვრიდან შესაძლებლობა აქვს, ესპანეთის 22 ათას აფთიაქში შეიძინოს ანტიგენის ტესტები კორონავირუსის თვითდიაგნოსტიკისთვის კონტროლირებად ფასად. დღეიდან ტესტები 2,94 ევროზე მეტი არ ეღირება – სწორედ ეს ზღვარი დაადგინა გასულ ხუთშაბათს წამლის ფასების რეგულირების უწყებათაშორისმა კომისიამ (CIPM). ამის შესახებ ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა კაროლინა დარიასმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „ელპაისი“ ავრცელებს.

ესპანეთი დღემდე იმ ევროპული ქვეყნების რიცხვში იყო, სადაც ტესტების ფასი ყველაზე მაღალია, კერძოდ, ესენია: იტალია, ბელგია და ნიდერლანდები, სადაც ანტიგენის ტესტების ფასი 5-იდან 10 ევრომდე მერყეობს, თუმცა დღესასწაულების პერიოდში ზოგ ადგილას 12 ევროს გადააჭარბა, რადგან ზოგიერთ აფთიაქში აღარ იყო, თუმცა დღეიდან ესპანეთში კოვიდ-19-ის სწრაფი ტესტები ისევ მხოლოდ აფთიაქებში გაიყიდება.

დღეიდან უკვე ტესტების ფასი ესპანეთში ისეთი ქვეყნების ფასების მსგავსია, როგორიცაა გერმანია, სადაც 2,9 ევროზე იაფად ძნელია ტესტის ყიდვა (გერმანიაში ტესტები სუპერმარკეტებშიც იყიდება), პორტუგალია –  შედარებით იაფია, 2,1 ევრო, საფრანგეთი – კიდევ უფრო იაფია, 1,95 ევრო (თუ ყუთით იყიდით, რომელშიც 5 ცალია – მთლიანი ყუთი 9,75 ევრო ღირს).

ანტიგენის ტესტებს კარგი საიმედოობა აქვს, როდესაც ორგანიზმში ვირუსის კონცენტრაცია მაღალია და, შესაბამისად, ადამიანი უფრო გადამდებია, თუმცა მათი ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ თუ დადებითი შედეგის შემთხვევაში ადამიანი არ აცნობებს ჯანდაცვის ორგანოებს, მისი შემთხვევა სტატისტიკაში არ აისახება. ხოლო თუ აცნობებს, ბევრი ავტონომიური სუბიექტი ოფიციალურ დადასტურებას ითხოვს, რათა დიაგნოზი სწორად ჩაითვალოს.

აქედან გამომდინარე, კოვიდით დაავადების შემთხვევების რეალური მაჩვენებლები გაცილებით  მაღალია, ვიდრე ეს ჯანდაცვის ოფიციალური ანგარიშებშია მითითებული. გუშინ, 14 იანვარს, მაგალითად, ვირუსით ინფიცირების 162 508 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში კი რეკორდული იყო გასული ოთხშაბათის (12 იანვარი)  მაჩვენებელი –  179 125 შემთხვევა დღეში.

ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, აგრეთვე, ისაუბრა საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომისიის ორი ახალი შეთანხმების შესახებ ვაქცინაციის სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ბუსტერული დოზით აცრა გავრცელდეს 18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებზე, ხოლო ბოლო აცრიდან ბუსტერული დოზის მიღებამდე ინტერვალი 6-იდან 5 თვემდე შემცირდეს.

ცნობისათვის, 13 იანვრის მონაცემებით, ესპანეთში ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა მიღებული აქვს ქვეყნის მოსახლეობის 85,1%-ს, სრულად ვაქცინირებულია 80,6%, ხოლო ბუსტერული დოზა მიღებული აქვს 17 მლნ-ზე მეტ ადამიანს (36,3%).

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანეთი აპირებს შეცვალოს კოვიდ-19-ის მონიტორინგის სისტემა და შემთხვევები ისევე აღრიცხოს, როგორც ჩვეულებრივი გრიპის დროს, რაც ნიშნავს, რომ ესპანეთის მთავრობა აპირებს კოვიდ-19-ს მიუდგეს, როგორც „ენდემურ დაავადებას“ და არა, როგორც პანდემიას.

ამ საკითხზე ესპანეთის ჯანდაცვის ორგანოები რამდენიმე თვეა მუშაობენ და უკვე ასრულებენ მონიტორინგის ახალ სისტემაზე თანდათანობით გადასვლის გეგმას.

ახალ სისტემაზე გადასვლის ზუსტი ვადები არ სახელდება, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს მოხდება ახლანდელი მეექვსე ტალღის შემდეგ, რომელსაც, სპეციალისტების აზრით, პიკისთვის ჯერ კიდევ არ მიუღწევია.

ნიკო აბაშიშვილი

მსგავს თემაზე: ესპანეთი კოვიდ-19-ის „ჩვეულებრივ გრიპად“ გამოცხადებას აპირებს, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეწინააღმდეგება

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close