საბერძნეთისაზოგადოება

„ომიკრონის“ ანტირეკორდები ევროპაში

კორონავირუსის ახალი ვარიანტის, „ომიკრონის“ გავრცელების გამო ევროპის ქვეყანებში მკვეთრად იმატა ინფიცირების დღიურმა მაჩვენებლებმა – ფაქტობრივად, ყოველდღე ახალ-ახალი ანტირეკორდები მყარდება.

გასულ 24 საათში ევროპაში ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა საფრანგეთში გამოვლინდა – 179 807 (გარდაიცვალა 290 ადამიანი), ბრიტანეთში – 129 471 (გარდაიცვალა 18 ადამიანი), ესპანეთში – 99 671 (114), იტალიაში – 78 313 (175); საბერძნეთში 28 დეკემბერს პირველად დაფიქსირდა ინფიცირების დღიური  5-ნიშნა მაჩვენებელი – გასულ 24 საათში ჩატარებული ტესტირებების შედეგად კორონავირუსი კიდევ 21 657 ადამიანს დაუდასტურდა (გუშინდელი მაჩვენებელი 2-ჯერ და მეტად ნაკლები იყო – 9284); გარდაიცვალა 61 პაციენტი.

დაავადების შემთხვევებმა უფრო მეტად ახალგაზრდებში მოიმატა.

საბერძნეთში ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 38 წელია (0,2 წლიდან 106 წლამდე), გარდაცვალებულთა საშუალო ასაკი – 78 წელი (0,2 წლიდან 106 წლამდე).

ჯანდაცვის მინისტრის, ფანოს პლევრისის განცხადებით, ინფიცირებულთა თითქმის 75% 18-59 წლის ასაკისაა, მხოლოდ 6%-ია 60 წელზე მეტის.

in.gr-ს ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენტური წარმომადგენლები და ექსპერტები შეთანხმდნენ კარანტინის 5 დღემდე შემცირებაზე (10 დღის ნაცვლად) იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებსაც „ომიკრონით“ ინფიცირება დაუდასტურდათ და არ აქვთ გამოხატული სიმპტომები ან 5 დღის განმავლობაში ინფექცია მსუბუქად მიმდინარეობს.

3 იანვრიდან საბერძნეთში, ფაქტობრივად, „მსუბუქი“ ლოქდაუნი დაწესდება, რომელიც, მათ შორის, გულისხმობს გასართობი დაწესებულებების მუშაობის დასრულებას 23:00 სთ-ზე, მუსიკის შეჩერებით; ფეხზე დგომით გართობის აკრძალვას (იგულისხმება ცეკვები და სხვ.); რესტორნებში ვიზიტორების რაოდენობის 70%-მდე შემცირებას, ან 100%-იანი დატვირთვით მუშაობას, მხოლოდ დასაშვები იქნება მაქსიმუმ 6 ადამიანი მაგიდის გარშემო, მაგიდებს შორის კი დაცული უნდა იყოს რეკომენდებული დისტანცია.

მაღაზიებთან დაკავშირებით წესები არ შეიცვლება, დარჩება ის შეზღუდვები, რაც აქამდე იყო.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close