კრიმინალიქართველები უცხოეთში

ქართული კრიმინალური დაჯგუფების 7 წევრი საბერძნეთში განაჩენს ელოდება – დანაშაულებრივი საქმიანობით მიღებული 200 000 ევრო

ქართულ ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფს ამჯერად საბერძნეთში ასამართლებენ. საქართველოს 7 მოქალაქე ბრალდებულია, მინიმუმ, 42 სახლის ძარცვაში.

ქართულ მაფიას 42 წლის ირაკლი ლეჟავა ხელმძღვანელობს. ირაკლი ლეჟავა, იგივე „ლაზარე“, ორჯერ არის დეპორტირებული უკრაინიდან, სადაც მეორედ უკვე ყალბი პასპორტით და ამაშუკელის გვარით ცდილობდა შესვლას.

„კურიერმა“ ათენის პოლიციის მიერ დაკავებული სხვა ქართველების ვინაობაც გაარკვია. საქართველოში მყოფი მათი ახლობლები დაკავების ფაქტს არ უარყოფენ, თუმცა მომხდარს გაუგებრობას უკავშირებენ.

ათენის სასამართლო საქართველოს შვიდ მოქალაქეს ორგანიზებული დანაშაულის, მასობრივი ძარცვისა და ფულის გათეთრების ბრალდებით ასამართლებს. ჯგუფის წევრები საბერძნეთის პოლიციამ რამდენიმე კვირის წინ ათენის პროკურატურის მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე დააპატიმრა. ოპერაციაში ჩართული იყო ევროპოლიც.

ბერძენმა სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად ამოიღეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ანტიკვარული ნივთები, ძვირფასეულობა, სხვადასხვა სახის ტექნიკა და ე.წ. ქურდული საერთოსთვის განკუთვნილი დიდი ოდენობით თანხა. პოლიციის ინფორმაციით, ქართველების ამ კონკრეტული ჯგუფის მიერ კრიმინალური საქმიანობით მიღებული სარგებელი 194 ათას ევროს აჭარბებს.

იუზა სოფრომაძე, ჯამბულ ჩხაიძე, კახაბერ ბზიკაძე, ფირუზ ფალავანდიშვილი, ლაშა ფალავანდიშვილი, აკაკი ჩხენკელი – საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი ეს ჯგუფი ახლა ათენის სასამართლოს განაჩენის მოლოდინშია. მათთან ერთად მოსამართლის ვერდიქტს ელოდება კანონიერი ქურდი ირაკლი ლეჟავაც

rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close