იტალიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, გააძლიეროს კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვები და კოვიდ-სერტიფიკატების (ე. წ. გრინპასი) მოქმედების ვადა 9-იდან 6 თვემდე შეამციროს. ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში ვარიანტ „ომიკრონის“ სწრაფ გავრცელებას უკავშირდება. ამის შესახებ მედია წერს.
კერძოდ, პირველი თებერვლიდან ე. წ. მწვანე სერტიფიკატის მოქმედების ვადა 6 თვემდე შემცირდება ამჟამად არსებული 9 თვის ნაცვლად. გარდა ამისა, ბუსტერული აცრის ვადაც მცირდება – ე. წ. გამაძლიერებელი დოზის მიღება საჭიროა მეორე აცრიდან არაუგვიანეს 4 თვისა (თავიდან რეკომენდებული იყო 6 თვე, შემდეგ – 5), თუმცა ამასთან დაკავშირებით კვლევა იქნება ჩასატარებელი, რომელშიც AIFA მიიღებს მონაწილეობას.
იტალიის მთავრობას FFP2 ტიპის ნიღაბ-რესპირატორების ტარების ვალდებულება შემოაქვს ღონისძიებებზე დასასწრებად გარკვეულ დახურულ სივრცეებში, როგორიცაა: კინოთეატრები, თეატრები, მუზეუმები და სტადიონები თუ დახურული შენობები სპორტული ღონისძიებების მიმდინარეობისას; აგრეთვე, მგზავრი ვალდებულია ამ სახის ნიღაბ-რესპირატორი FFP2 ეკეთოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, TPL-ს ჩათვლით. ზემოჩამოთვლილ სივრცეებში საკვების მიღება აკრძალულია.
ამასთან, მთავრობა განიხილავს FFP2 ნიღბების ფასი კონტროლირების საკითხს.
ბრუნდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში – ქუჩაშიც. ამის შესახებ 23 დეკემბერს, ხუთშაბათს ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ განაცხადა.
წინა დღეს, ოთხშაბათს ახალი შეზღუდვების შესახებ დეკრეტი მთავრობამ ერთხმად მიიღო.
„სუპერ გრინპასი“ ამიერიდან საჭიროა, აგრეთვე, მუზეუმებში, თემატურ პარკებსა და გამოფენებზე, სადაც აქამდე ჩვეულებრივი მწვანე საშვითაც შეიძლებოდა შესვლა. „სუპერ გრინპასი“ საჭიროა აუზებზე და სპორტდარბაზებში, სათამაშო სივრცეებში, თერმულ სპა-ცენტრებში, სადაც აქამდე ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე მიღებული ჩვეულებრივი მწვანე საშვითაც შეიძლებოდა შესვლა.
ახალი დეკრეტის (CDM) დებულებები, აგრეთვე, ცვლის ბარებსა და რესტორნებში მომსახურების მიღების წესებს. ბარის დახლთან ყავის დასალევად ბარსა და რესტორანში მოქალაქეს super green pass-ი სჭირდება.
31 იანვრამდე იკრძალება საზეიმო და საკონცერტო ღონისძიებები ღია ცის ქვეშ.
შეზღუდვები იტალიაში „ომიკრონის“ სწრაფ გავრცელებას უკავშირდება. „ანასას“ ინფორმაციით, რომელსაც ის იტალიის ჯანმრთელობის უმაღლესი ინსტიტუტის (ISSA) მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს, იტალიაში უკვე ინფიცირების ახალი შემთხვევების 28% „ომიკრონზე“ მოდის, მაშინ როდესაც 2 კვირის წინ ეს მაჩვენებელი 0,2-0,3% იყო.
იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 23 დეკემბერს, საღამოს გავრცელებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა – 44 595, გარდაიცვალა 168 კოვიდპაციენტი (წინა დღეს, 22 დეკემბერს დადასტურდა 36 293 ახალი შემთხვევა, 146 პაციენტი გარდაიცვალა).
დღევანდელი მაჩვენებელი – 44 595 დღიური შემთხვევა მთელი პანდემიის პერიოდის აბსოლუტური რეკორდია. წინა რეკორდი 2020 წლის13 ნოემბერს დაფიქსირდა – 40 902 ახალი შემთხვევა ერთ დღე-ღამეში. ინფიცირების ასეთი სწრაფი ზრდა „ომიკრონის“ „დამსახურებაა“ – ISS-ის ინფორმაციით, „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევები ყოველ 2 დღეში ორმაგდება.
მარტო ლომბარდიაში გასულ 24 საათში დაფიქსირდა 12 955 ახალი შემთხვევა, რაც ასევე აბსოლუტური რეკორდია პანდემიის დაწყებიდან დღემდე.
ISS-ის პრეზიდენტის, სილვიო ბრუზაფეროს თქმით, იტალიაში ჩქარა „ომირკონი“ დომინანტი გახდება, როგორც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მოხდა.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ ვაქცინის ბუსტერული დოზის მიღება დაცვას 93%-მდე ზრდის „ომიკრონის“ შემთხვევაში და ვაქცინაცია ყველაზე ქმედითი იარაღია ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად.
ნინო ხოშტარია
კომენტარები