„ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი მსოფლიო დონის ატრაქცია“ – „ენგურჰესი“ საერთაშორისო კულტურულ მარშრუტებში შეიყვანეს
„ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხალი ოფიციალურად „ევროპის საბჭოს, კულტურული მარშრუტების პროგრამის, ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტის“ სერტიფიცირებული წევრი გახდა, – ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, „ენგურჰესის“ კაშხალი საქართველოდან პირველი ობიექტია, რომელიც ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტში გაწევრიანდა.
„ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი მსოფლიო დონის ატრაქცია“ – პროექტის პირველი ეტაპი ენერგეტიკის განვითარების ფონდმა და მისმა შვილობილმა კომპანიამ, „ენგურის ატრაქციამ“ დაიწყეს. „ენგურჰესის“ კაშხლის ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა ორი საათია და ვიზიტორებს საშუალება აქვთ, დაათვალიერონ კაშხლის ხიდი, დისკური ფარების შენობა, გვირაბი, წყალსაცავის ფარების განყოფილება და სხვა საინტერესო ადგილები.
„ენგურჰესის“ კაშხლის ტურისტული ზონის ინფრასტრუქტურის მოწყობის მომდევნო ეტაპი მოიცავს გადასახედი მოედნების, საბაგირო გზის, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრის, ღია საკონცერტო სივრცისა და მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალი ლიფტის კაშხალზე მოწყობას.
კომენტარები