სპორტი

მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ პირველი ოქროს მედლი მოიპოვა საქართველოს სახელით (ვიდეო)

19 წლის მოციგურავე ანასტასია გუბანოვა, რომელიც საქართველოს სახელით გამოდის, ხორვატიაში, ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირზე – Golden spin of Zagreb 2021-ზე ჩემპიონი გახდა.

ქალთა კატეგორიაში შეჯიბრებაში 15 ქვეყნის 23 წარმომადგენელი მონაწილეობდა. მეორე ადგილზე გავიდა ამერიკელი ემბერ გლენნი, მესამეზე – ესტონელი ნინა პეტროკინა.

ქართველმა მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ ტურნირზე შესანიშნავად იასპარეზა და ორი პროგრამის ჯამში 184,29 ქულით შეძლო ტურნირის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი გამხდარიყო. ანასტასია გუბანოვასთვის ხორვატიის ტურნირი ოქტომბერში ფინეთში გამართული ტურნირის – Finlandia Trophy-ს შემდეგ მეორე საერთაშორისო შეჯიბრი იყო ამ სეზონზე. ფინეთში სპოტსმენმა მე-5 ადგილი დაიკავა.

საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერეციამ აგვისტოში გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი მოციგურავე ანასტასია გუბანოვა ამიერიდან საქართველოს ღირსებას დაიცავდა.

ამ ინფორმაციამ რუსეთის ფიგურული სრიალის ფედერაციაში გაკვირვება გამოიწვია. ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრ გორშკოვმა განაცხადა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. გენერალური დირექტორი ალექსანდრ კოგანი კი ამბობდა, რომ მათ სპორტსმენისთვის სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლის უფლება არ მიუციათ.

ანასტასია გუბანოვა სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდა და ვარჯიშობდა. მოციგურავე რუსეთის ჩემპიონატში ოთხჯერ გამოვიდა, მისი საუკეთესო შედეგი მე-6 ადგილი იყო. მან ორჯერ გაიმარჯვა იუნიორთა გრან პრის ეტაპებზე და მეორე იყო სერიის ფინალში.

მიმდინარე წლის ოქტომბერში ანასტასია გუბანოვამ matchtv.ru-სთან ისაუბრა სპორტული მოქალაქეობის შეცვლის მიზეზებზე. საქართველოს ნაკრებში მისი გადმოსვლის ინიციატორი საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი იყო.

სპორტსმენის თქმით, მისი მეორე (საქართველოს) მოქალაქეობის მიღების პროცესი 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყო.

„ხომ ვხედავ, რუსეთში როგორი კონკურენციაა. ბოლო წლებში მძიძე იყო, როდესაც ჩემი გამოსვლა ლოკალური ტურნირებით შემოისაზღვრებოდა. ამის მიუხედავად მაინც ვაგრძელებდი სრიალს, რადგან მინდოდა თავი გამომეჩინა. სპორტის მიტოვებას არ ვგეგმავდი, მაგრამ მოტივაციის მხრივ რთული იყო“, – განაცხადა გუბანოვამ.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close