„ბედნიერია ერი, როდესაც ეკლესიას ჰყავს ასეთი ბრძენი მეთაური“ – ილია მეორემ აშშ-ის ელჩი მიიღო
დღეს, 9 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, მღვდელმთავრებსა და სამღვდელოებასთან ერთად, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი და მისი თანმხლები პირები მიიღო. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
ელჩმა მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 44-ე წლის იუბილე მიულოცა და ხაზი გაუსვა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის როლს ქართველი ერის ცხოვრებაში, „ერისა, რომელიც ისტორიულად მრავალრელიგიური და მრავალეთნიკური ქვეყანაა. ბედნიერია ერი, როდესაც ეკლესიას ჰყავს ასეთი ბრძენი მეთაური“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის მეგობრობას უკვე მრავალი წლის ისტორია აქვს და ეს უნდა გაგრძელდეს. ამასთან, ილია მეორემ ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის, ქართული კულტურის ძეგლების აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის.
საპატრიარქოს ცნობით, თავის მხრივ, კელი დეგნანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მათთვის დიდი პატივია წვლილი შეიტანონ ისეთი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლების გადარჩენაში, როგორიცაა გელათისა და ჯვრის მონასტრები.
მისივე თქმით, მომავალ წელს სრულდება 30 წელი საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დაწყებიდან და ამასთან დაკავშირებით გეგმავს სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას, მათ შორის, საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას.
შეხვედრის დასასრულს მისმა უწმინდესობამ ელჩს მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა და ბედნიერი შობა-ახალი წელი უსურვა.
კომენტარები