მსოფლიოსპორტი

„ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელზე კალიფორნიის სასამართლოში პირველი სხდომა 24 იანვარს გაიმართება

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის გახმაურებულ სარჩელზე „ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ კალიფორნიის შტატის სასამართლოში ღია ზეპირი განხილვა მხარეთა მონაწილეობით მომავალი წლის 24 იანვარს ჩაინიშნა.

ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატების ინფორმაციით, „ნეტფლიქსმა“ სასამართლოში სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ იშუამდგომლა.

ნეტფლიქსმა“ წარმოადგინა დაცვის ტრადიციული გზა და გადადგა ის ნაბიჯები, რასაც ველოდებოდით. „ნეტფლიქსმა“ სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ იშუამდგომლა. ეს სამართლებრივი შესაძლებლობები კალიფორნიულ სამართალში ბევრია. დაახლოებით ასეთია მათი არგუმენტი, რომ მაგალითად გონიერმა მაყურებელმა ეს სადავო ფრაზა არ უნდა მიიჩნიოს ფაქტების დამდგენ ფრაზად“, – განაცხადა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.

ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, სასამართლოში სარჩელი მიმდინარე წლის 16 სექტემბერს შეიტანა.

„სარჩელი ეხება Netflix-ის მიერ სერიალ The Queen’s Gambit-ის კულმინაციურ ეპიზოდში მიზანმიმართულად გაჟღერებულ მცდარ ცნობებს ნონა გაფრინდაშვილის ლეგენდარული კარიერული მიღწევების შესახებ.

სერიალში ნონა გაფრინდაშვილის შესახებ მცდარი ცნობების გაჟღერებამ უპრეცედენტო რეზონანსი გამოიწვია მსოფლიოს მასშტაბით, როგორც სხვადასხვა ჟურნალისტურ წყაროში, ისე საზოგადოებრივ და, მათ შორის, საჭადრაკო წრეებში“, – წერდა იურიდიული ფირმა BLB პრესრელიზში. ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს სწორედ BLB იცავს ამერიკელ კოლეგებთან ერთად .

მინისერიალში „ლაზიერის გამბიტი“ (The Queen’s Gambit) ნათქვამია, რომ ნონა გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია, მაშინ როდესაც ჭადრაკის ლეგენდა 1963 წლიდან წარმატებით მონაწილეობდა მამაკაცთა ტურნირებში.

ფილმის გამოსვლისთანავე მოჭადრაკემ, ჟურნალისტმა და ჭადრაკის ისტორიკოსმა ოლიმპუ ურკანმა ტვიტერზე მიუთითა შეცდომა და დაწერა, რომ რეალურ ცხოვრებაში გაფრინდაშვილმა ბევრ სხვას შთააგონა 1960-იანი წლების მამაკაცთა ტურნირებზე თამაშით.

სარჩელში აღნიშნულია, რომ „ნეტფლიქსმა“ განზრახ იცრუა, რათა ეპიზოდისთვის დრამატულობა შეემატებინა იმის ხაზგასმით, რომ სერიალის გმირმა მიაღწია იმას, რაც არც ერთ ქალს, და მათ შორის ნონა გაფრინდაშვილს არ გაუკეთებია.

სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ „ნეტფლიქსმა“ დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენა ნონა გაფრინდაშვილს, როდესაც ის რუს მოჭადრაკედ წარადგინა, იმის მიუხედავად, რომ საქართველო დღემდე ებრძვის რუსეთის აგრესიას.

მინისერიალის ფინალურ ეპიზოდში მთხრობელი ამბობს: „ეს ნონა გაფრინდაშვილია, ის ქალი მსოფლიო ჩემპიონია, მაგრამ არასდროს დაპირისპირებია მამაკაცებს“.

1983 წელს უოლტერ ტევისის მიერ გამოცემულ რომანში, რომლის მიხედვითაც „ნეტფლიქსმა“ 2020 წელს პოპულარული სერიალი „ლაზიერის გამბიტი“ გადაიღო, ეს ფრაზა განსხვავებულად ჟღერს – „და ესეც ნონა გაფრინდაშვილი. ასეთი მაღალი დონის ტურნირზე არა, მაგრამ მოთამაშე მთელ ამ რუს დიდოსტატებს მანამდე ბევრჯერ შეხვედრია“.

ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები „ნეტფლიქსისგან“ ზარალის ასანაზღაურებლად, სულ მცირე, ხუთ მილიონ დოლარს ითხოვენ.

მედიასაშუალების ცნობით, „ნეტფლიქსში“ აცხადებენ, რომ პატივს სცემენ ნონა გაფრინდაშვილის ბრწყინვალე კარიერას, თუმცა ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.

ნონა გაფრინდაშვილი არის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი – 1962; 1965; 1969; 1972; 1975 წლები;

მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული – 1963; 1966; 1969; 1972; 1974; 1978; 1980; 1982; 1984; 1986; 1992 წლები;

პირველი საჭადრაკო ოსკარის მფლობელი – 1983 წელი;

ევროპის საჭადრაკო კავშირის უმაღლესი საჭადრაკო ჯილდო „ოქროს პაიკის” მფლობელი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე 1989 -1996 წლებში;

საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close