იტალიის სერია A-ს კლუბ „სამპდორიას“ პრეზიდენტი მასიმო ფერერო ფინანსური მაქინაციების ბრალდებით დააპატიმრეს. ამის შესახებ საააგენტო ANSA იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, დანაშაული, რომლისთვისაც ფერეროს უყენებენ ბრალს, ლიგურიულ კლუბს არ უკავშირდება. მასიმო ფერეროს სახლში ჩხრეკისთვის ფინანსური გვარდია მივიდა. სამართალდამცველებმა იგი 6 დეკემბერს მილანში დააპატიმრეს და სან ვიტორეს ციხეში გადაიყვანეს, ამავე საქმეზე კიდევ ხუთი ეჭვმიტანილი კი შინაპატიმრობაში მოათავსეს, მათ შორის, ფერეროს ქალიშვილი – ვანესა და შვილიშვილი – ჯორჯო. დანარჩენი 3 ბრალდებულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
კინოპროდიუსერმა, მეწარმემ და ყოფილმა მსახიობმა მასიმო ფერერომ „სამპდორია“ 2014 წლის ივნისში შეიძინა და გენუური საფეხბურთო კლუბი მაშინ ბანკროტობას გადაარჩინა. ცოტა ხნის წინ ფერერომ განაცხადა, რომ დაიღალა საფეხბურთო კლუბის მართვით და „სამპდორიას“ ყიდის.
მიმდინარე სეზონში კლუბმა 16 ტურში 15 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზე იმყოფება.
ნინო ხოშტარია
კომენტარები