უპრეცედენტო ქარიშხალი თურქეთში – არიან დაღუპულები (ვიდეო)
სტამბოლში მძვინვარე უპრეცედენტო ქარიშხლის ამსახველი კადრები ნამდვილად შეგაშფოთებთ. ქუჩებში გადაბრუნებულია დიდი სატვირთო მანქანები, სახლების სახურავები ჰაერში მიფრინავს…
სულ ცოტა, 19 ადამიანი დაზარალდა სტიქიისგან, მათგან 3 მძიმე მდგომარეობაშია, 4 ადამიანი კი, სამწუხაროდ, დაიღუპა.
მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლის სააგენტოს მონაცემებს ეყრდნობა, ნათქვამია:
„4 ადამიანი, მათ შორის, უცხოეთის მოქალაქე დაღუპულია, ხოლო ჩვენმა 19-მა თანამემამულემ დაზიანებები მიიღო, მათგან 3-მა – მძიმე“.
თურქული საინფორმაციო სააგენტო DHA აქვეყნებს ვიდეო, რომელშიც სტამბოლის დასავლეთით, ესენიურტის რაიონში შენობის ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ორი მამაკაცი და საბავშვო ეტლი ჩანს. კიდევ ერთი დაღუპული ქალია, რომელსაც მისი საკუთარი სახლის სახურავიდან ძლიერი ქარისგან მოგლეჯილი ძელი მოხვდა.
უპრეცედენტო ქარიშხალი 130 კმ/სთ სიჩქარით ხეებს აქცევდა, სახურავებს გლეჯდა სახლებს, ანგრევდა აივნებს და უზარმაზარ მანქანებს აბრუნებდა, როგორც ბუმბულებს. ბოსფორის გავლით საზღვაო მიმოსვლა შეჩერდა, სტამბოლისკენ მიმავალი თვითვმფრინავები იზმირსა და ანკარაში გადაამისამართეს.
სტამბოლის მერმა ექრემ იმამოღლუმ თანაგრძნობა გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს. მან მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები