სპორტი

საქართველოს ძიუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა (ვიდეო)

გადამწყვეტ ორთაბრძოლაში საბა ინანეიშვილმა იპონით სძლია მეტოქეს

რუსეთის ქალაქ უფაში დღეს ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი შერეულ გუნდებს შორის. შეჯიბრი კაცებსა (73, 90 და +90 კგ) და ქალებს (57, 70 და +70 კგ) შორის სამ-სამ წონით კატეგორიაში გაიმართა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პირველი შეხვედრა ავსტრიის ნაკრებს მოუგო (4:0), მეოთხედფინალში საფრანგეთის ძლიერ ნაკრებს სძლია (4:2), ნახევარფინალში – თურქეთის ნაკრებს (რომელმაც მეოთხედფინალში რუსეთი დაამარცხა), ანგარიშით 4:2 და ფინალში ნიდერლანდების გუნდს დაუპირისპირდა.

ფინალური ბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. თავისი ბრძოლები მოიგეს ფრიდონგ გიგანმა (73 კგ), ლუკა მაისურაძემ (90 კგ) და საბა ინანეიშვილმა (+90) და ძირითადი შეხვედრები ანგარიშით 3:3 დასრულდა. ტურნირის წესების თანახმად, ასპარეზობის ფრედ დამთავრების შემთხვევაში წილისყრის შედეგად ვლინდება ერთი წონითი კატეგორია, რომელშიც გადამწყვეტი ორთაბრძოლა იმართება. ამჯერად წილისყრის შედეგად  მძიმეწონოსან საბა ინანეიშვილს მოუწია ბრძოლა, რომელმაც მეტოქე საკმაოდ იოლად – ერთ წუთსა და 13 წამში იპონით დაამარცხა და ჩვენს ნაკრებს ევროპის ჩემპიონობა გაუნაღდა.

საქართველოს ნაკრებმა უფაში ასეთი შემადგენლობით იასპარეზა:

კაცები: ალეკო მამიაშვილი, ფრიდონ გიგანი (ორივე – 73 კგ), ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე (ორივე – 90 კგ), გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი (ორივე +90 კგ).

ქალები: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი (ორივე – 70კგ), სოფიო სომხიშვილი (+70 კგ).

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close