მსოფლიოპოლიტიკა

COVID-19 – საფრანგეთის მთავრობა სანიტარიული საშვის მიღების პირობას ამკაცრებს

ოლივიე ვერნანმა საფრანგეთის მოზრდილი მოსახლეობის საყოველთაო რევაქცინაცია გამოაცხადა

საფრანგეთის მთელმა მოზრდილმა მოსახლეობამ უნდა მიიღოს კოვიდვაქცინის მესამე, გამაძლიერებელი დოზა ეპიდემიის მეხუთე ტალღის პირობებში. უკვე ხვალიდან, 27 ნოემბრიდან დაიწყება 18 წელზე მეტი ასაკის  ადამიანების რევაქცინაცია, რომლებმაც კორონავირუსზე აცრის სრული კურსი 5 თვის წინ დაასრულეს. 15 იანვრიდან კი ბუსტერული დოზა აუცილებელი იქნება სანიტარიული საშვის გასაგრძელებლად. კორონავირუსთან ბრძოლის ამ და  სხვა ზომების შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა 25 ნოემბერს განაცხადა სპეციალურ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ქვეყანაში დაწყებული მეხუთე ტალღა, „უდავოდ, უფრო ძლიერი და ხანგრძლივი იქნება, ვიდრე მეოთხე ტალღა ზაფხულში“, თუმცა საფრანგეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ უფრო მკაცრი ზომების მიღება არ მოუწევს. ვერანის თქმით, არ იქნება „არც კარანტინი და არც კომენდანტის საათი“. მთავარი გათვლა მოქალაქეების რევაქცინაციაზეა. საუბარია 19 მლნ ადამიანზე. სექტემბრიდან ბუსტერულ დოზას უკვე იღებენ 65 წელს გადაცილებული მოქალაქეები და ის ადამიანები, რომელთაც იმუნოსუპრესია აქვთ.

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 15 იანვრის შემდეგ მოქალაქეები, რომლებიც რევაქცინაციას არ გაივლიან, ე.წ. სანიტარიულ საშვებს ვეღარ გააგრძელებენ. მოქალაქეებს რევაქცინაციისთვის თვე-ნახევარზე ოდნავ მეტი ვადა აქვთ.

ე. წ. სანიტარიული საშვები ეძლევათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც კორონავირუსზე აცრის სრული კურსი აქვთ ჩატარებული, ან ფლობენ არაუგვიანეს 72 საათის წინ გაკეთებული ტესტის უარყოფით პასუხს.

„15 იანვრიდან 18-იდან 65 წლამდე ასაკის მოქალაქეების სანიტარიული საშვები გაუქმდება, თუ ისინი ვაქცინის გამაძლიერებელ დოზას არ მიიღებენ“, – აღნიშნა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

ვერანის თქმით, რევაქცინაციის კამპანიის ჩასატარებლად საფრანგეთს Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების 26 მილიონი დოზა აქვს.

გარდა ამისა, საფრანგეთში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება როგორც დახურულ სივრცეებში, ისე საშობაო ბაზრობებზე.

72-იდან 24 საათამდე შემცირდა ანტიგენის ან PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის „ვარგისიანობის ვადა“, რომელიც (ისევე, როგორც სრული ვაქცინაცია) QR-კოდიანი სანიტარიული საშვის მიღების საფუძველია.

ეს არის კიდევ ერთი შეზღუდვა მათთვის, ვისაც აცრა არ ჩაუტარებია და სანიტარიული საშვის მისაღებად ტესტირებას ამჯობინებს საკუთარი ხარჯით. შეგახსენებთ, რომ ოქტომბრიდან კორონავირუსზე ტესტირება საფრანგეთში უფასო დარჩა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ექიმის მიმართვა აქვთ, დანარჩენებისთვის ტესტი ფასიანი გახდა.

ამ დროისთვის, ოფიციალური მონაცემებით, აცრილია საფრანგეთის მთელი მოსახლეობის 75% (ამჟამად ქვეყანაში დაშვებულია 12 წელს გადაცილებულ ადამიანების აცრა; 5-იდან 12 წლამდე მოზარდების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრა ევროპის წამლის სააგენტომ (EMA)დღეს დაამტკიცა). ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, არ აცრილა 6 მლნ-მდე ადამიანი (მინიმუმ ერთი დოზით აცრილია საფრანგეთის 51,8 მლნ მცხოვრები).

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close