მედიცინა

რატომ არ უნდა შეგაშინოთ ფრაზამ – „ფაიზერს“ ვადა ამოეწურა, გადაწყვიტეთ, აიცრებით თუ არა“

თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის, „ფაიზერის“ მეორე დოზით ასაცრელად მისულ სოფიკო მეგრელიძეს ექიმმა უთხრა, რომ ვაქცინას ვადა ამოწურული აქვს და ახლა თავად უნდა გადაწყვიტოს, აიცრება თუ არა.

„კაბინეტში შესვლისთანავე მითხრა ექიმმა, რომ ის ვაქცინა, რომლითაც ამცრიდა, არის ვადაგასული და ჩემი პასუხისმგებლობაა, ვადაგასული ვაქცინით აცრა მინდა თუ არა. მაშინვე მეგობართან დავრეკე, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრში მუშაობს და ამიხსნა, რომ ვაქცინას მოქმედების ვადა აქვს გაგრძელებული და ექიმი ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა. ამ ინფორმაციას ყველა ხომ ვერ გადაამოწმებდა? დარწმუნებული ვარ, რომ ასაცრელად მისული უმრავლესობა გამობრუნდებოდა უკან. და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც აცრის ასეთი დაბალი მაჩვენებელი გვაქვს“.

ინფორმაცია ვაქცინის „ვადის ამოწურვის“ შესახებ შეატყობინეს 15 წლის ელენეს დედასაც, რომელმაც შვილის ასაცრელად ვიზიტი ონლაინ დაჯავშნა. აცრის დღეს მას ამცრელი პუნქტიდან დაუკავშირდნენ და ჰკითხეს, ნამდვილად მიჰყავდა თუ არა შვილი აცრაზე და იქვე დააზუსტეს: „იცით ხომ, რომ ვაქცინას ვადა აქვს გასული?“

თუმცა ამ შემთხვევაში, ელენეს დედას ისიც უთხრეს, რომ ვაქცინას ვადა გაუგრძელდა და დამადასტურებელ დოკუმენტს ადგილზე აჩვენებდნენ:

„ვიკითხე, იყო თუ არა თბილისში სადმე ისეთი ვაქცინა, რომელსაც ვადა ჯერ არ ჰქონდა ამოწურული, მაგრამ მითხრეს, არ ვიცით, თუ გნებავთ, პოლონეთიდან რომ მივიღებთ საჩუქრად „ფაიზერს“, იმას დაელოდეთო. კი მერჩივნა სხვა ვაქცინით აცრა, მაგრამ ახლა ის სიტუაცია არ არის, რომ რამეს დავლოდებოდი. მით უმეტეს, გადავამოწმე მეც ინფორმაცია და ვნახე, რომ „ფაიზერს“ ნამდვილად გაუხანგრძლივდა ვადა, ამიტომ შვილი ავცერი“.

როგორ და რა დრომდე გაუხანგრძლივდა „ფაიზერს“ ვადა?

ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და ფარმაცევტული საშუალებების ადმინისტრაციის (FDA) განცხადებით, თუკი ვაქცინები შესაბამის ტემპერატურულ პირობებში ინახება, -90 გრადუსიდან -60 გრადუსამდე, მაშინ ვაქცინის ფლაკონებსა და კოლოფებზე მითითებული ამოწურვის ვადა, შესაძლოა, სამი თვით გახანგრძლივდეს. სწორედ ასე მოხდა „ფაიზერის“ შემთხვევაშიც.

აშშ-ის სურსათისა და ფარმაცევტული საშუალებების ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ 2021 წლის აგვისტოს მიწურულს გამოაქვეყნა თანხმობის წერილი და სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციები , რომელიც Pfizer-BioNTech-ის COVID-19-ის ვაქცინის განახლებულ ვადებს შეეხებოდა. შესაბამისად, ე.წ. „ვადაამოწურული“ ვაქცინების ვადები სამ-სამი თვით გახანგრძლივდა. ასე მაგალითად, თუკი „ფაიზერის“ ფლაკონზე დატანილი ვადა იწურებოდა აგვისტოში, მისი ვადა გახანგრძლივდა ნოემბრამდე. სექტემბრის ვადა – დეკემბრამდე და ა.შ.

„ფაიზერი“ არ არის ერთადერთი ვაქცინა, რომელსაც ვადის გახანგრძლივების რეკომენდაცია მიეცა. გამოყენების ვადა ჯერ კიდევ ივლისის მიწურულს გაუხანგრძლივდა კიდევ ერთ კოვიდ ვაქცინას „ჯონსონი და ჯონსონი“. ამ ვაქცინას გამოყენების ვადა თვენახევრით გაუგრძელდა.

ერთ-ერთი პირველი ინფორმაცია „ფაიზერის“ ვადის გაგრძელების შესახებ, სექტემბერში გავრცელდა. როდესაც ისრაელში, 60 000 დოზა ვაქცინას, რომელსაც ფლაკონზე დატანილი ვადა ივლისის ბოლოს ამოეწურა ვადა ოქტომბრის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. გადაწყვეტილება მიიღეს სექტემბრის ბოლოს, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროსა და კომპანია „ფაიზერის“ წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.

ანი ქავთარაძე, რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი რადიო თავისუფლებას უხსნის, როგორ ხდება მედიკამენტებისა თუ ვაქცინებისთვის ვადის გახანგრძლივება. მისი თქმით, ეს აპრობირებული მეთოდია და სიახლეს არ წარმოადგენს:

„ფარმაცევტული კომპანიების მედიკამენტების ვადად იღებს დაახლოებით 30%-ით უფრო ნაკლებს, ვიდრე ეს არის განსაზღვრული ან დადასტურებული კლინიკური ან ლაბორატორიული კვლევების მიხედვით. „ფაიზერმა“ თავის დროზე, 54%-ით ნაკლები დრო აიღო ვადად, რადგან ახალი პროდუქტი იყო. მას შემდეგ, რაც ამოიწურა ფლაკონზე მითითებული ვადა, მოხდა ვაქცინის ლაბორატორიულად შესწავლა და აღმოჩნდა, რომ ის კვლავ ვარგისია, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანისთვის და რაც მთავარია, ისეთივე ეფექტურია, როგორც მანამდე“.

გააგრძელე კითხვა აქ: radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close