ფეისბუქი სახის ამოცნობის სისტემას აუქმებს და უკვე შეგროვებულ მონაცემებს წაშლის
რებრენდირებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ფეისბუქი აანონსებს, რომ წაშლის მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელის ყველაზე ძვირფას მონაცემებს, რომლებიც სოციალურ ქსელს მილიარდზე მეტი ინდივიდის შესახებ აქვს შეგროვებული.
ახალ ბლოგპოსტში ფეისბუქის ახლად სახელშეცვლილი მფლობელი კომპანია „მეტა“ განმარტავს, რომ ის სახის ამოცნობის სისტემებს გათიშავს და წაშლის სახის ამოცნობის მილიარდზე მეტი შაბლონის კოლექციას, რომლებიც სახეების ფოტოებთან და ვიდეოებთან დასაწყვილებლად გამოიყენებოდა. ფეისბუქი დაწყვილების ამ სისტემას აღარ გამოიყენებს, რითაც ნამდვილად მოიგებს იმ მრავალი ადამიანის გულს, რომელიც ამას აპროტესტებდა.
სახის ამოცნობა ფეისბუქმა 2010 წელს შემოიღო და ეს სისტემა ავტომატურად ნიშნავდა ფოტოებზე ასახულ პირებს. თავდაპირველად ეს ფუნქცია ავტომატურად მოიცავდა ყველას, მაგრამ 2019 წლიდან კომპანიამ ის არჩევითი გახადა.
„სახის ამოცნობის ტექნოლოგია მძლავრი ხელსაწყოა, მაგალითად, იმ ადამიანთათვის, რომლებსაც საკუთარი იდენტობის დადასტურება ან თაღლითობისა და პერსონაციის თავიდან აცილება სურთ, თუმცა მრავალი ასეთი სარგებლის მიუხედავად, ამ ტექნოლოგიის მიმართ შეშფოთება იზრდება“, – წერს ბლოგპოსტში ფეისბუქის ხელოვნური ინტელექტის მიმართულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჯერომი პესენტი.
ამ ეტაპზე ფეისბუქის სახის ამოცნობის სისტემა კომპანიას ალბათ იმაზე მეტ პრობლემას უქმნიდა, ვიდრე სარგებელი მოჰქონდა. მასზე უარის თქმა ერთგვარი სიმბოლური ჟესტია კომპანიის რებრენდინგის შემდეგ. ფეისბუქის კონფიდენციალობის პოლიტიკა ბოლო დროს მზარდი შეშფოთების საგანია. ამ ნაბიჯით „მეტა“ სანდოობის აღდგენას ცდილობს და ინტერნეტის ახალ ეპოქასაც გვპირდება. ამასობაში კი კონფიდენციალობის გარშემო წარსულის სკანდალების ჩამოშორებას ცდილობს.
მიხეილ ჭაბუკაშვილი
მომზადებულია techcrunch.com-ის მიხედვით.
1tv.ge
კომენტარები