საქართველოში კოვიდ-19-ის 5553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 47 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით დაავადებული 47 პაციენტი გარდაიცვალა. ეს 23 სექტემბრის შემდეგ გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი მიმდინარე წლის 3 სექტემბერს დაფიქსირდა – 86.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარდა 48 901 ტესტირება და შედეგად კორონავირუსით ინფიცირების 5553 შემთხვევა გამოვლინდა (დადებითობის მაჩვენებელი – 11,36%). გასულ ერთ დღე-ღამეში კიდევ 4223-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი საქართველოში მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, მეოთხე ტალღის დროს დაფიქსირდა – 6208.
ამ დროისთვის ინფიცირების აქტიურ შემთხვევათა რაოდენობაა 46 983.
რეგიონებს რაც შეეხება, ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ თბილისშია – 1794, თბილისს მოსდევს იმერეთი 1189 ახალი შემთხვევით, მესამე ადგილზეა კახეთი 657 ახალი შემთხვევით.
2 ნოემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური – 11.36%;
- ბოლო 7 დღის – 9.06%;
- ბოლო 14 დღის – 9.02%.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 726 941 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელდა 669 822, გარდაიცვალა 10 136 ადამიანი.
კომენტარები