ისრაელმა ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა, ოღონდ გარკვეული პირობებით
ისრაელმა 2020 წლის 20 მარტის შემდეგ, ბოლო თითქმის 20 თვის განმავლობაში პირველად, დღეს, პირველ ნოემბერს საზღვრები გახსნა უცხოელი ინდივიდუალური ტურისტებისთვის, რომლებსაც გაკეთებული აქვთ კოვიდსაწინააღმდეგო აცრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული პრეპარატებით. ამის შესახებ ისრაელის სახელმწიფო რადიო Kan-ი იუწყება.
ისრაელში შეშვებისთვის უცხოელ ტურისტებს გამგზავრებამდე 14 დღით ადრე არ უნდა ჰქონდეთ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით „წითელ ზონაში“ მყოფ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, თუმცა სამინისტროს პრესსამსახურს ჯერ არ გამოუქვეყნებია იმ ქვეყნების სია, რომლებიც ისრაელმა „წითელ ზონას“ მიაკუთვნა.
ისრაელის ჯანდაცვის უმაღლესი უწყების მიერ გამოქვეყნებული წესების თანახმად, ქვეყანაში 15 ნოემბრიდან რუსული „სპუტნიკით“ აცრილ ტურისტებსაც შეუშვებენ იმ პირობით, რომ ისინი პისიარ ტესტის გარდა ისრაელში ჩასვლისას სეროლოგიურ ტესტსაც (ანტისხეულებზე) გაიკეთებენ და დადებით პასუხს მიიღებენ.
ორგანიზებული ტურისტული ჯგუფების შეშვება ისრაელმა სექტემბრიდან დაიწყო.
ოფიციალურმა თელ-ავივმა ჯერ კიდევ 2021 წლის აპრილში განაცხადა, რომ განიხილავდა საზღვრების გახსნას პირველი ივლისიდან ინდივიდუალურად მოგზაურობის მსურველი ტურისტებისთვის, თუმცა ქვეყანაში კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტით გამოწვეული ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო გახსნა გადაიდო.
ისრაელის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ქვეყნის საზღვრების გახსნით ტურიზმის ინდუსტრია გამოცოცხლდება.
ნინო ხოშტარია
კომენტარები