fbpx
ვიდეოიტალია

იტალიაში სტიქიის შედეგებს ებრძვიან და დღეს საღამოდან ისევ ციკლონს ელოდებიან (ვიდეო)

იტალიაში, კუნძულ სიცილიის აღმოსავლეთ რაიონებს ძლიერი ქარი და წვიმა დაატყდა თავს, რამაც წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიას, სულ მცირე, 3 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც იტალიური მედია იტყობინება, 53 წლის მამაკაცის ცხედარი კატანიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ გრავინაში, ქუჩაში, წყალში მოტივტივე ავტომანქანის ქვეშ იპოვეს. მისივე ინფორმაციით, კატანიის ახლოს მებარე ქალაქ სკორდიაში მოვარდნილმა წყალმა ორშაბათს, 25 ოქტომბერს საკუთარი ავტომანქანიდან გადმოსული ცოლ-ქმარი გაიტაცა. 67 წლის მამაკაცის ცხედარი მეორე დღეს იპოვეს, ხოლო მისი 61 წლის მეუღლე დღემდე უზგო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. სამწუხაროდ, დღეს შუადღისას ქალიც გარდაცვლილი იპოვეს.

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ, ქარიშხალმა გზები და სახლები დააზიანა რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში – ქალაქ კატანიაში. ქუჩები, პრაქტიკულად, დაფარა ნიაღვარმა, უამრავი მანქანა წყალში ჩაძირული აღმოჩნდა. ბევრ დასახლებულ პუნქტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა კატანიის პროვინციაში, სადაც უამინდობის პირველ რამდენიმე საათში 200 მმ ნალექი მოვიდა. ღვარცოფებისა და ხეების დაცემის გამო მოძრაობა შეფერხდა  А19  ავტოსტრადაზე (პალერმო-კატანია), აგრეთვე, სიცილიის სხვა ავტოსტრადებზე

გასულ ღამეს შედარებით მშვიდი სიტუაცია იყო და მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად. თუმცა ცუდი ის არის, რომ მეტეოროლოგების ცნობით, უამინდობა გაგრძელდება.

ციკლონის საფრთხის გამო, რომელიც სიცილიასა და მალტას შორის ფორმირდება, დღეს და ხვალ დახურულია სკოლები, მაღაზიები, სახელმწიფო დაწესებულებები და სხვა მეორეული მნიშვნელობის ობიექტები როგორც კატანიაში, ისე მის ახლომახლო ქალაქებში. ციკლონი შესაძლოა ხმალთაშუაზღვის ტროპიკულის მსგავს ქარიშხლად – MediCane ჩამოყალიბდეს. საქმე ისაა, რომ იონიის ზღვაში, რომელიც სიცილიას და კალაბრიას ესაზღვრება, წყლის ტემპერატურა ნორმაზე 8 გრადუსით მაღალია, შედეგად, ამ რაიონში ნამდვილი ქარიშხალია მოსალოდნელი. მას იონიის ზღვის სანაპიროზე სიცილიასა და კალაბრიაში ხუთშაბათ-პარასკევს შორის პერიოდში ელოდებიან, დღეს გვიან საღამოდან. მეტეოროლოგების პროგნოზით, თუ ციკლონი მიწამდე დაეშვება, მოსალოდნელია ძლიერი ქარი, გადაუღებელი წვიმა 24-იდან 48 საათის განმავლობაში. ზოგიერთ რაიონში ქარის სიჩქარე 120 კმ/სთ-ს მიაღწევს და ზღვაში 5-მეტრიანი ტალღები წარმოიქმნება.

ადგილობრივი ხელისუფლება რეგიონის მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„სტიქია უპრეცედენტოა. ბრძანება გავეცი, რომ კატანიაში ყველა ბიზნესი დაიხუროს (გარდა ძირითადი მომსახურებებისა) 2 ნოემბრამდე. მოსახლეობას მოვუწოდებ, გადაუდებელი მიზეზების გარდა, სახლიდან არ გამოვიდნენ”, – წერს კატანიის მერი სალვო პოლიეზე სოციალურ ქსელში.

სპეციალისტები ხმელთაშუაზღვისპირეთში ამინდის ფენომენს კლიმატის ცვლილებებს უკავშირებენ. მათი თქმით, ის, რაც ხდება, მოწმობს, რომ რეალობა შეიცვალა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close