მსოფლიოპოლიტიკა

ესპანეთის მთავრობა მოქალაქეებს კოვიდ-19-ის პირველი ლოქდაუნის დროს გადახდილ ჯარიმებს დაუბრუნებს

ესპანეთის მთავრობა კოვიდ-19-ის პირველი ლოქდაუნის დარღვევისთვის გადახდილ ჯარიმებს მოქალაქეებს დაუბრუნებს. ამის შესახებ AP იუწყება.

საქმე ისაა, რომ ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყანაში 2020 წლის 14 მარტიდან 21 ივნისამდე გამოცხადებული პირველი ლოქდაუნი არაკონსტიტუციურად ცნო.

ესპანეთმა ერთ-ერთმა პირველმა დააწესა ქვეყანაში მკაცრი ლოქდაუნი კორონავირუსის პანდემიის პირველ ეტაპზე – ყველა მოქალაქე სახლში უნდა დარჩენილიყო, ზოგიერთი პროფესიის წარმომადგენლების – მაგ., ექიმების და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი მომსახურების სფეროების მუშაკების გარდა.

ტერიტორიულ საქმეთა სამინისტროს ცნობით, ესპანეთში პირველი ლოქდაუნის დროს, 3 თვეზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში საერთო ჯამში 1,1 მლნ ევროს ოდენობის ჯარიმა გამოწერეს, თუმცა ჯარიმა ყველა მოქალაქეს არ გადაუხდია.

მთავრობამ შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც განიხილავს განაცხადებს ჯარიმის სახით გადახდილი თანხის დაბრუნების თაობაზე. მოქალაქეებმა თავიანთი რეგიონის სამთავრობო ორგანოებს უნდა მიმართონ ფულის დაბრუნების მოთხოვნით, სადაც მათ აუხსნიან მექანიზმს, როგორ უნდა მოიქცნენ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მიუსვლელად, ონლაინ ფულის დაბრუნება ჯერჯერობით შესაძლებელი არ არის.

როგორც გამოცემა La Vanguardia წერს, საკონსტიტუციო სასამართლო ამჟამად ჯერ კიდევ სწავლობს, იყო თუ არა კონსტიტუციური შეზღუდვები მეორე ლოქდაუნის დროს 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის მაისამდე. ამ თვეების განმავლობაში წესების დამრღვევ მოქალაქეებს  კიდევ 220 ათასი ევროს ჯარიმა გამოუწერეს. თუ სასამართლო მეორე ლოქდაუნსაც არაკონსტიტუციურად გამოაცხადებს, მთავრობას ამ პერიოდში გადახდილი ჯარიმების დაბრუნებაც მოუწევს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close