ჰოროსკოპი

როგორია თქვენი ბავშვი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ნახეთ, როგორ იქცევა თქვენი შვილი, ან როგორ იქცეოდით თქვენ ბავშვობაში, რაც ზოდიაქოს ნიშნის ზოგადი მახასიათებლებიდან გამომდინარეობს. გაითვალისწინეთ რჩევები, თუ როგორ შეიძლება თქვენს ბავშვთან გამკლავება, როცა ის ძალიან ჭირვეულობს და არ გემორჩილებათ.

ზოდიაქოს ნიშანი თითოეული ადამიანის ხასიათსა და საქციელზე ძლიერ მოქმედებს. ზოდიაქოს ნიშნის თვისებები განსაკუთრებით აშკარად გამოიხატება ბავშვებში.

ვერძი

პატარა ვერძი ყურადღებას ისე, უბრალოდ არ ითხოვს. ის საკმაოდ აქტიური, მოუსვენარია, მას გარე სამყაროსთან ბევრი კონტაქტი ესაჭიროება. ბავშვი ვერძი შესაძლოა ეგოისტი ჩანდეს, მაგრამ ეს ასე არაა. ის კეთილია სხვების მიმართ, შეუძლია თანაგრძნობა. პრობლემა ჩნდება დისციპლინასა და დროის შეგრძნებასთან დაკავშირებით. მას სჭირდება დახმარება ინტელექტუალურ განვითარებაში, რათა გააცნობიეროს, რომ გონების ძალა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიზიკური ძალა. ვერძ-ბავშვს ვერ უბრძანებ, მაგრამ მას უყვარს კამათი და აზარტი. ამიტომ გამოიყენეთ ეს თვისებები, რომ მისთვის საინტერესო იყოს თქვენი თხოვნის შესრულება.

კურო

კურო ძალზე ჯიუტი, მიზანსწრაფული ბავშვია და რეალური შეხედულებები აქვს ცხოვრებაზე. თუ არ გისმენთ, ე. ი. რაღაცა სწორად არ აუხსენით. მას სჭირდება კომფორტის განცდა, პირადი სივრცე და საყვარელი ნივთები, რომლებსაც დიდი მონდომებით იცავს – ვერ იტანს, როცა მათ საყვარელ ნივთებს ვინმე უნებართვოდ ჰკიდებს ხელს. სულ პატარასაც კი შეუძლიათ კამათი მშობლებთან, თუ რა უნდა ჩაიცვას. კარგი ურთიერთობა უყალიბდება ქალებთან – დედასთან, ბებიასთან თუ დეიდასთან. კურო-ბავშვებს უყვართ გემრიელი საკვები, მაგრამ ძალის დატანება არ ივარგებს – შესაძლოა, მავნე ჩვევები განუვითარდეთ.

ტყუპი

ბავშვი ტყუპები ძალზე კომუნიკაბელურები და ცნობისმოყვარეები არიან, აინტერესებთ ყველაფერი ახალი, საინტერესო, უყვართ კითხვა, ტელეგადაცემების ყურება. არიან ინტელექტუალურად ყველაფრის მშთანთქმელი, მოძრავი ბავშვები. ისინი არასდროს იბნევიან ახალ გარემოში, უყვართ ურთიერთობები, ადვილად პოულობენ საერთო ენას თანატოლებთან, უყვართ მშობლებით მანიპულირება, რადგან არიან დაკვირვებული და გამჭრიახი ბავშვები. მათი დაძინება რთულია. მიეცით უფლება, უქმეებზე მეტი ინებივრონ ლოგინში, რათა ნერვული სისტემა განტვირთონ.

კირჩხიბი

კირჩხიბი ბავშვები ძალიან ნაზები, მგრძნობიარენი არიან ბუნებით. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი დასჯა, მათთან ჩხუბი, რადგან მშობლების წყენას ისედაც გრძნობენ. არიან ძალზე ნიჭიერი ბავშვები, მაგრამ შეჯიბრება და სიჩქარე არ უყვართ. მათ შესაძლებლობა უნდა მისცეთ, რომ შემოქმედებაში გამოავლინონ თავი, იყვნენ მათთვის მყუდრო და მშვიდ ატმოსფეროში. კირჩხიბებს უყვართ ხელსაქმე, ხატვა, ბუნების შესწავლა. მათ ძალზე განვითარებული აქვთ ინტუიცია. მშობლებმა უნდა მისცენ ერთდროულად დაცულობის გრძნობაც და ინიციატივის საკუთარ თავზე აღების შესაძლებლობაც. ისინი გულდახურულები არიან, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი საკუთარი საზღვრების დარღვევა და მათ ფაქიზ შინაგან სამყაროში დაუპატიჟებლად შეჭრა.

ლომი

ლომ-ბავშვებს მუდმივად ესაჭიროებათ კაშკაშა შთაბეჭდილებები და დროის საინტერესოდ გატარება. მშობლებმა უნდა იზრუნონ, რომ მათ პატარა ლომს მელანქოლიური განწყობა არ დაეუფლოს, განსაკუთრებით ზამთარში. მათ ბავშვობიდან სჭირდებათ ფერადი ორიგინალური ნივთები, საუკეთესო სათამაშოები, მათ არ სურთ იყვნენ ისე, როგორც სხვები არიან. პატარა ლომები თავიდანვე ირჩევენ ლიდერის პოზიციებს და თანატოლების დამორჩილებას ცდილობენ. არიან ნიჭიერი და მრავალმხრივად დაჯილდოებული ბავშვები, უყვართ სწრაფი შედეგების მიღება და ინტერესების ხშირი ცვლა. მშობლებმა მათ ყველაფერი უნდა მისცენ იმისთვის, რომ მომავალში აკეთონ ის, რაც თავად აირჩიეს.

ქალწული

ქალწული ბავშვები ძლიერი ანალიტიკოსები არიან, რომლებიც ბავშვობიდანვე ამჟღავნებენ თავიანთ კრიტიკულ შეხედულებებს. არიან საოცრად მოაზროვნე პატარები, რომლებსაც ზოგადი ფრაზებით ვერ დააღწევთ თავს. თუ ბავშვი-ქალწული არასწორად იქცევა, მას, უბრალოდ, უნდა აუხსნათ, რატომ არ შეიძლება ასე გაკეთება. ისინი მალე იზრდებიან, სწავლობენ წერა-კითხვას. თანატოლებთან შედარებით უფრო მშვიდობისმოყვარენი და მშვიდები არიან, მაგრამ მშობლებმა მათში შესაძლოა გარკვეული შფოთვა და ნევროზულობა შენიშნონ. თუ მისთვის დღის ზუსტ გრაფიკს შეადგენთ, ის ნაკლებად გაღიზიანებული იქნება.

სასწორი

სასწორი ბავშვები პატარაობიდან არიან ძალზე მომხიბლავი, შეუძლიათ ადამიანების თავიანთ მიმართ სიმპათიით განწყობა, ორიენტირებულნი არიან სოციალურ კონტაქტებზე. პატარა სასწორები გამოირჩევიან ინტელიგენტურობითა და კომუნიკაბელურობით, უფროსებისგან მალე სწავლობენ საუბრისა და საზოგადოებაში ქცევის მანერებს. როცა რაიმეს მიღება სურთ მშობლებისგან, მთელ თავიანთ მომხიბვლელობას იყენებენ. იღლებიან მალე, დიდხანს ერთი და იმავე საქმის კეთება არ შეუძლიათ. არიან ძალზე ცნობისმოყვარენი და მგრძნობიარენი ყოველივე ახლისადმი, მაგრამ არ ჰყოფნით მოთმინება. არ შეიძლება პატარა სასწორების ძალიან დატუქსვა, დასჯა, რადგან შესაძლოა ნერვული ადამიანები გაიზარდონ. უბრალოდ, აუხსენით მათ ყველაფერი წყნარად, სიტყვებით.

მორიელი

მორიელი ბავშვები ორ კატეგორიად იყოფიან. პირველი – ენერგიული და თავისებური ბავშვები არიან, მეორე – წყნარი, მოკრძალებული, დიდი შინაგანი სიმტკიცით სავსენი. მშობლებს ძალიან უჭირთ მათი გაგება და კიდევ უფრო – მათი დამანგრეველი ენერგიის გაკონტროლება. მორიელი ბავშვები ხშირად თავად განიცდიან თავიანთ ცუდ საქციელს და მშობლებისგან შეცოდებას ითხოვენ. მაგრამ მალევე ახალ რაიმეს ეძებენ, სადაც თავიანთ ენერგიას დახარჯავენ. ისინი სასტიკნი არიან, უჭირთ თავიანთი ემოციების შეკავება. მშობლების ამოცანაა, დაეხმარონ ბავშვს თავისი ენერგიის სწორი მიმართულებით რეალიზებაში, რათა პატარა მორიელი თავად არ დაიტანჯოს ამისგან. ისინი ძალზე გამჭრიახი და, ამასთან, არაპროგნოზირებადი ბავშვები არიან.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი ბავშვები ცნობისმოყვარე, კეთილი, ოპტიმისტი და მხიარული ნატურები არიან. ხანდახან ერთდროულად რამდენიმე რამე აინტერესებთ, მაგრამ გემოვნებას ხშირ-ხშირად იცვლიან. პატარა მშვილდოსნებს სამყაროს მუდმივი შეცნობა ესაჭიროებათ. ზოგი ამას მუდმივი მოძრაობისა და გადაადგილების მეშვეობით ახდენს, ზოგი – ინტელექტუალური საქმიანობით. ყველა შემთხვევაში, მათგან მრავალმხრივად განვითარებული ადამიანები დგებიან. ისინი პატიოსანი და სამართლიანი ბავშვები არიან, მაგრამ აბსოლუტურად არადისციპლინირებულნი. არ უყვართ წესრიგი, ხელების დაბანა, ამიტომ მშობლებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ, რომ სისუფთავე და წესრიგი შეაყვარონ მათ. ამას გარდა, მათ ჯერ კიდევ სკოლამდე უნდა ასწავლონ თავიანთ პატარა მშვილდოსნებს კითხვა, რადგან სკოლაში ამ მხრივ შესაძლოა პრობლემები შეიქმნას.

თხის რქა

პატარა თხის რქებს ძალიან უყვართ, როცა ყველაფერს გარკვეული გეგმის მიხედვით აკეთებენ, ბავშვობიდან უყვართ დღის განრიგის დაცვა. ისინი ძალიან სერიოზულად ეკიდებიან ცხოვრებას და ბავშვობიდან ცდილობენ, სხვებისთვის სარგებელი მოიტანონ. ბავშვ თხის რქებს არა აქვთ იუმორის კარგი გრძნობა, უჭირთ მოდუნება, მუდმივად დაძაბულები არიან. უპირატესობას ანიჭებენ ერთ ან ორ მეგობარს, არ უყვართ ხმაურიანი ურთიერთობები. დისციპლინასთან დაკავშირებით პრობლემები მშობლებს არ ექმნებათ. თხის რქა ბავშვებს შეუძლიათ, თავიანთ თავში ჩაიკეტონ და მოღუშულები იყვნენ. მშობლებმა აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება, რომ ბავშვი დიდხანს არ იყოს მოწყენილი და მალე გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან.

მერწყული

ბავშვი მერწყულები ძალზე მკაფიოდ გამოხატავენ თავიანთ ინდივიდუალობას და იბრძვიან ნებისმიერი წესისა და შეზღუდვის წინააღმდეგ. მათ შესაძლოა ვერ გაიგონ, რატომ უნდა ჩაიცვან ესა თუ ის ტანსაცმელი, ითამაშონ ამა თუ იმ სათამაშოებით, დაიცვან ესა თუ ის წესები. მერწყულები საკმაოდ თავისებური ბავშვები არიან, ამიტომ მათ უნდა დართოთ ნება, იყვნენ ისინი, ვინც არიან და საკუთარი ინტერესები თავად აირჩიონ. პატარა მერწყულებს აქვთ აქტიური გონება, ამიტომ მათ აუცილებლად სჭირდებათ ინტელექტუალური საკვები. ისინი ბავშვობიდანვე ქმნიან არაერთ იდეას იმისა, რაც ჯერ არ არის, ფიქრობენ მომავალზე. მერწყული ბავშვი ძალზე მგრძნობიარეა გარშემო არსებული ატმოსფეროს მიმართ, არაჯანსაღ და კონფლიქტურ გარემოს მისი ნევროზულობისა და ჯანმრთელობის გაუარესების გამოწვევა შეუძლია.

თევზები

ბავშვი თევზები ძალიან მეოცნებენი და საკუთარ თავში ჩაღრმავებულნი არიან, ამიტომ მშობლებს ხშირად ეჩვენებათ, რომ ბავშვთან კავშირს კარგავენ. ზოდიაქოს ამ ნიშნის ბავშვებისთვის აუცილებელია, რომ ადრეული ასაკიდან ისწავლონ, რა არის რეალობა, მუდმივად ღრუბლებში არ იფრინონ. მათ ფანტაზიებში ყველაფერი თავისთავად ხდება, ყველა სიტუაცია ჯადოსნურად ტრიალდება. ხშირად, როცა იზრდებიან, თევზები ასეთივე მეოცნებენი რჩებიან და არც კი ფიქრობენ, რომ რეალურ სიტუაციაზე რაიმე გავლენა იქონიონ. ამიტომ პატარა თევზებს ბავშვობიდან უნდა ჩაუნერგონ და აჩვენონ მშობლებმა, რომ რეალურ სამყაროში საჭიროა მუშაობა, რომ შედეგი მიიღონ. ისინი ძალიან არიან დამოკიდებული გარემოზე, ამიტომ მათ სახლში მუდამ ჰარმონია და სიყვარული უნდა მეფობდეს.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close