fbpx
კრიმინალისაქართველო

ბუსა ჟვანია და ლევან გაჩეჩილაძე ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან კავშირს უარყოფენ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ვაჟი, ბუსა ჟვანია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან კავშირს უარყოფს.  

ბუსა ჟვანია აცხადებს, რომ ის მიმალვაში არ არის და საგანმანათლებლო საკითხებთან დაკავშირებით საზღვარგარეთ იმყოფება.

„უკვე რამდენიმე დღეა, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს მე ვარ დაკავშირებული ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობის საქმესთან.

პირველ რიგში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო მომხდარის გამო. მინდა, აქვე კატეგორიულად განვაცხადო, რომ აღნიშნულ საქმესთან არანაირი შეხება არ მაქვს და ინფორმაციის გავრცელებამდე მე არავინ დამკავშირებია. მეტი სიზუსტისთვის, მინდა აღვნიშნო, რომ ამჟამად საზღვარგარეთ ვიმყოფები ჩემს პროფესიულ და საგანმანათლებლო საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა მალე დავბრუნდები საქართველოში.

იმედს ვიტოვებ ამ განცხადების შემდეგ, დამთავრდება სპეკულაციები და ჩემი სახელის ხსენება მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით“, – აცხადებს ჟვანია.

ცნობისთვის, CNews-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბუსა ჟვანია ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების – აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის მფარველობისთვის იძებნება.

მსგავსი ინფორმაცია, თითქოს  ლევან გაჩეჩილაძე მალავდა და მფარველობდა მკვლელობაში ბრალდებულებს, გაავრცელა ტელეკომპანია „მთავარმა“.

როგორც ლევან გაჩეჩილაძე განმარტავს, მსგავსი ფაქტი არ მომხდარა და მათ სახლში არც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულა.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა და შესაბამისად, არც საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა ჩვენს სახლში, სადაც ამ დრომდე ცხოვრობენ ჩემი მშობლები – 88 წლის მამა და 85 წლის დედა, რომლებიც შეძრულები არიან და ძალიან მძიმედ გადაიტანეს აღნიშნული ცილისწამების ტირაჟირება.

ახალგაზრდა ადამიანის მკვლელობამ შეძრა ჩემი ოჯახი, ისევე როგორც მთელი ქვეყანა და ამ საქმეში ეჭვმიტანილების შეფარების დაბრალება ჩვენთვის ასმაგად მტკივნეულია.

ხაზგასმით ვაცხადებ, ეს არის ზღვარგადასული, მორიგი მორალური ძალადობა და ჩემი და ჩემი ოჯახის რეპუტაციის შელახვის მიზანმიმართული მცდელობა, რომელსაც არაერთხელ ჰქონდა ადგილი და დღემდე გრძელდება აღნიშნული მედიასაშუალების პოლიტიკურად ანგაჟირებული მფლობელების მხრიდან პირადი შურისძიების მიზნით!“ – აცხადებს გაჩეჩილაძე.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close