fbpx
მიგრაციაპაატა სიმსივეს ბლოგი

ვის და რა შემთხვევაში შეიძლება შეექმნას პრობლემები საბერძნეთის ან საქართველოს საზღვრის კვეთის დროს – პაატა სიმსივე

საბერძნეთში მოღვაწე ქართველი ადვოკატი პაატა სიმსივე ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ ვის და რა შემთხვევაში შეიძლება შეექმნას პრობლემები საბერძნეთის ან საქართველოს საზღვრის კვეთის დროს… მათ შორის შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც საბერძნეთს შეყვანილი ჰყავს ე. წ. „შავ სიაში“ (ΕΚΑΝΑ) ისე, რომ ამ ადამიანებმა ამის შესახებ არც იციან. 

„როგორც ცნობილია, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ძალაში შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები უვიზო მიმოსვლის პროცედურებში. ამ ცვლილებებიდან მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი უთხრან საზღვრის გადაკვეთაზე, თუ მას ეკრძალება ევროკავშირის/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა.

საბერძნეთში შესვლა ეკრძალებათ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ჩაწერილი არასასურველ უცხოელთა ეროვნულ კატალოგში (ბერძ. Εθνικός Κατάλογος Ανεπιθύμητων Αλλοδαπών – ΕΚΑΝΑ). „ეკანა“ უფრო მარტივ ენაზე არის „შავი სია“, რომელში შეყვანაც ნიშნავს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს უწესდება სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები საბერძნეთის ტერიტორიაზე შესვლასთან ან გასვლასთან დაკავშირებით.

შენგენის ზონის ყველა ქვეყანას აქვს თავისი ეროვნული „შავი სია“, მაგრამ ამ „შავი სიების“ გარდა, ასევე, არსებობს შენგენის ზონის „შავი სია“, რომელსაც ეწოდება Schengen Information System ან იგივე SIS. „ეს-აი-ეს“-ში ჩაწერა ნიშნავს, რომ ადამიანს ეკრძალება მთელ შენგენის ზონაში შესვლა.

ამ სიების მეშვეობით ვგებულობთ არა მხოლოდ იმას, აქვს თუ არა კონკრეტულ პიროვნებას შემოსვლასთან დაკავშირებული შეზღუდვები, არამედ, ასევე, აქვს თუ არა მას ქვეყნიდან (ამ შემთხვევაში საბერძნეთიდან) გასვლის რაიმე შეზღუდვები.

ასევე ამ ინფორმაციის გაგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ადრე დაკავებულები იყვნენ, თუნდაც უსაბუთობის გამო. ბევრმა ასეთმა ადამიანმა წლების მერე გააკეთა საბუთები, მაგრამ არ იცოდა, რომ ასეთ „შავ სიაში“ იყო შეყვანილი. ამ დროს როდესაც საბერძნეთიდან გადიხართ, პრობლემა არ გექმნებათ, მაგრამ შემოსვლის მომენტში აეროპორტში ან გამშვებ პუნქტზე ადამიანის დაკავება ხდება მანამ, სანამ მას ამ „შავი სიიდან“ არ ამოშლიან.

„შავ სიაში“ ჩაწერასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვა დაკავშირებულია პოლიციის ერთ-ერთ დეპარტამენტთან, ამიტომ უმეტეს შემთხევაში სჯობს ასეთი ცნობა ადამიანმა ააიღოს ადვოკატის მეშვეობით, რადგან არც ისე იშვიათია შემთხვევები, როცა მარტო მისული მოქალაქე „დაუტოვებიათ“ ან უსაბუთობის გამო, ან იმის გამო, რომ მოკვლევის დროს მის სახელზე „რაღაც ამოვარდა“.

გადამოწმებას სჭირდება დაახლ. 4-5 სამუშაო დღე და პირადობის  დამადასტურებელი რაიმე მოწმობის არსებობა (ძირითადად, პასპორტის ასლი) აუცილებელი პირობაა“.

პაატა სიმსივე, ადვოკატი
კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close