რას სთხოვს მოკლული ნიკო კვარაცხელიას ოჯახი მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახებს
თბილისში, ვერაზე მოკლული ნიკოლოზ კვარაცხელიას ოჯახი მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახებს მათი შვილების სამართალდამცავებისთვის გადაცემას სთხოვს.
როგორც კვარაცხელიას ოჯახის განცხადებაშია აღნიშნული, რეალური მოტივის დაფარვის მიზნით, შესაძლოა დამკვეთმა ბრალდებულების ლიკვიდაცია მოახდინოს.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე, გამოძიების მიერ დადგენილ იქნა ორი პიროვნების ვინაობა, მათ დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი და აღკვეთის ღონისძიების სახედ განესაზღვრათ პატიმრობა. შესაბამისად, მიმდინარეობს მიმალვაში მყოფ პირთა ძებნა.
ჩვენ კატეგორიულად გამოვრიცხავთ ნიკოსა და ამ საქმეზე ბრალდებულთა შორის რაიმე ბანალური მიზეზით კონფლიქტის არსებობასაც კი, რადგან ნიკო საერთოდ არ იცნობდა მათ. მოვუწოდებთ აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის ოჯახებს, დაუყოვნებლივ გადასცენ მათი დამნაშავე შვილები სამართალდამცავ ორგანოებს, ვინაიდან არსებობს საფრთხე, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორცილებაზე ხელშეშლისა და მკვლელობის რეალური მოტივის დაფარვის მიზნით, დამკვეთმა მოახდინოს მათი ლიკვიდაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ეძებს. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. შსს-ს ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.
მედიაში მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება, რომელიც შესაძლოა 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას მამის, ე.წ. კანონიერი ქურდის, 58 წლის გაიოზ (გია) კვარაცხელიას საქმიანობას უკავშირდებოდეს.
„კურიერის“ ინფორმაციით, ამ მკვლელობას, სავარაუდოდ, კავშირი აქვს ზუსტად 20 წლის წინათ მოსკოვში მომხდარ მკვლელობასთან. მაშინ საკუთარ ავტომობილში ხელნაკეთი ბომბით ქართველი კანონიერი ქურდი დავით კაკულია, მეტსახელად დათო „ტბილისკი“ ააფეთქეს.
„კურიერმა“ გაარკვია, რომ გამოძიება მუშაობს ვერსიაზე, რომლის თანახმადაც, ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობა სწორედ კაკულიას შვილებმა რუსეთიდან დაუკვეთეს.
შეგახსენებთ, რომ ნიკო კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.
კომენტარები