მიხეილ სააკაშვილმა თავის მეორე სამშობლოში მეორე ოჯახი შექმნა – ვინ არის ექსპრეზიდენტის ახალი ცოლი (ვიდეო)
მინდა ვთქვა, რომ მე და ლიზამ გადავწყვიტეთ, შევატყობინოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას, ახალ ოჯახს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს, რომელიც ლიზა იასკოს პირად გვერდზე გამოქვეყნდა.
მიხეილ სააკაშვილის მეორე ცოლი უკრაინული რადას დეპუტატია. ვიდეო გადაღებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში წამოსვლამდე.
ვიდეო მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფბ გვერდზეც გააზიარა, სადაც აღნიშნავს: „ ჩვენ ჩავწერეთ ეს ვიდეო საქართველოში ჩემს წასვლამდე, რადგან უკრაინა და საქართველო ერთად არიან და მოვილაპარაკეთ, რომ ამ ვიდეოს გამოვაქვეყნებთ ჩემი დაკავების შემთხვევაში. მე და ლიზა იასკო ერთად ვართ“.
„მინდა ვთქვა, მე და ლიზამ გადავწყვიტეთ, შევატყობინოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ ერთად. ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას, ახალ ოჯახს. მოხდა ისე, რომ მე მქონდა ძალიან მაგარი ცხოვრებაც, წარსულიც, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევხვდით ერთმანეთს, მიუხედავად ყველ წინა ურთიერთობისა, რომლისთვისაც მადლობელი ვარ ყველასი. რა თქმა უნდა, ვფიქრობ ამაზე ბევრს, მაგრამ დღეს მე და ლიზა იასკო ვართ ერთად. ჩვენ გვაქვს ერთობლივი ოჯახი და გვინდა, რომ ყველას ვუსურვო ბედნიერება, ისე, როგორც ყველამ გაიგოს ჩვენი სიტუაცია და გვისურვოს ბედნიერება ჩვენ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
უკრაინული გამომცემლობა strana.ua ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში წერდა, რომ სააკაშვილს რომანი ჰქონდა პარტია „ხალხის მსახურის“ სახალხო დეპუტატ ლიზა იასკოსთან და წყვილი მიხეილ სააკაშვილის ქალაქგარეთ მდებარე სახლში ცხოვრობდა.
როგორც ამბობდნენ, ლიზა ბედნიერებისგან ბრწყინავდა, თავის პარტნიორთან დიდი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად.
ჭორების თავიდან ასაცილებლად და უცხო თვალისგან პირადი ცხოვრების დასამალად, სააკაშვილმა რამდენიმე მეტრით აამაღლა ღობე, რომელზეც „ ჩიტიც კი ვერ გადაფრინდება“.
სააკაშვილის კარმიდამო კი, რომელსაც ის თავის უკრაინულ ქოხს ეძახის, ასეთია: ორდონიანი მიწის ნაკვეთი, სამი სახლი, აუზი და შადრევანი.
ლიზა იასკო ოქსფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, „ხალხის მსახურის“ სახალხო დეპუტატი, უკრაინის დელეგაციის მეთაური ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.
როგორც „სტრანა“ იუწყებოდა, ლიზამ სახელი მოიხვეჭა ლესბოსური ფეიკფოტოებით, რომლებშიც ტუჩებში კოცნის გოგოს.
30 ოქტომბრის დილით უკრაინულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ საქართველომ ბოლო მომენტში უთხრა უარი ქვეყანაში შესვლაზე 30-კაციან დეპუტატთა ჯგუფს, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიწვევით დამკვირვებლის სტატუსით აპირებდა საქართველოში ჩასვლას 30 ოქტომბერს.
საქმის არსში გასარკვევად უკრაინელ დეპუტატს „რადიო თავისუფლებამ“ წერილობით გავუგზავნეთ რამდენიმე შეკითხვა, მათ შორის კითხვა: „როგორი დამოკიდებულება გაქვთ სააკაშვილის მიმართ?“
ლიზა იასკო: ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო პოლიტიკის თანამედროვე ლეგენდაა. ასეთები თითო-ოროლაა მსოფლიოში. ეს არის არაჩვეულებრივი ლიდერული უნარების მქონე ადამიანი, რომელსაც ძალუძს ააშენოს ქვეყანა და წინ აღუდგეს პუტინს.
კომენტარები