fbpx
პოლიტიკასაქართველო

ვერ დავისვენებთ, სანამ ევროკავშირისა და ნატოს წევრობას არ მივაღწევთ – ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა გაეროს 76-ე სესიაზე

„საქართველოს წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ხოლო ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მიმავალი გზა სახლში დაბრუნებას ნიშნავს… ვერ დავისვენებთ, სანამ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას არ მივაღწევთ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას.

„ეს იმას ნიშნავს, რომ გავაგრძელებთ ჩვენი დემოკრატიისა და ეკონომიკის ყველა ასპექტის რეფორმირებასა და მოდერნიზებას უმაღლესი გლობალური სტანდარტების მიღწევამდე. ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მიმავალი გზა სახლში დაბრუნებას ნიშნავს, რადგან ეს ცივილიზაციური არჩევანია და მას ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ერთხმად უჭერს მხარს. ჩვენი ისტორიული გადაწყვეტილებაა გავერთიანდეთ ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში და ეს ძირეული პრინციპი განსაზღვრავს საქართველოს საგარეო პოლიტიკას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლებას მომზადებული აქვს ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა, რომელიც 2024 წლისთვის ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის წარდგენას უზრუნველყოფს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასა და მცოცავ ანექსიაზეც ისაუბრა.

„დღეს ყველას მოგმართავთ  თხოვნით – დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია.

რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ჩვენი გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებებს.

ჭეშმარიტად გლობალური მოქალაქის იდეისადმი ჩვენი ქვეყნის ერთგულებას წინ ვერაფერი დაუდგება და ვერც გარე ძალები შეაფერხებს, თუმცა ჩვენი მრავალნაბრძოლი თავისუფლება ყოველ დღე ექცევა გამოწვევების ქვეშ.

ჩვენივე მიწაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ვხდებით ჰუმანიტარული კრიზისის მომსწრე, რომელზეც პასუხისმგებლობა მხოლოდ ოკუპანტ ძალას აკისრია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო თანამეგობრობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების დარღვევებზე რეაგირების მიმართულებით ერთობლივი მოქმედებებისკენ მოუწოდა.

„ქართული მიწა ყოველდღე ექცევა მცოცავი ანექსიისა და ე.წ. ბორდერიზაციის ქვეშ. ეს გულისხმობს ადამიანთა გატაცებებს, უკანონო დაკავებებს, მიმოსვლის თავისუფლების უკანონო შეზღუდვებს და მშობლიურ ენაზე განათლების უფლების ჩამორთმევას – განსაკუთრებით გალის რაიონში. პანდემიის პერიოდში, ამან პრინციპში შეუძლებელი გახადა სამედიცინო დახმარების მიზნით ადამიანთა ევაკუაცია.

ყველა ეს ქმედება უმძიმეს ტვირთად აწევს მავთულხლართების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას. ყოველივე ამის მიზეზი კარგად უნდა გვესმოდეს: წინასწარ დაგეგმილი ეთნიკური წმენდა ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის გამოსადევნად. ამას ბოლო უნდა მოეღოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close