fbpx
სპორტი

ჩვენმა მოციგურავე წყვილმა პეკინის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა – კიდევ ერთ გამარჯვებას ველოდებით (ვიდეო)

22 სექტემბერს დაიწყო და დღეს, 25 სექტემბერს დასრულდება გერმანიის ქალაქ ობერსდორფში ყოველწლიური რიგით 53 -ე ჩელენჯერის საერთაშორისო ტურნირი (ნობელჰორნის თასი) ფიგურულ ციგურაობაში, რომელსაც, ტრადიციულად, ოლიმპიური თამაშების წინ ზამთრის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის სტატუსი აქვს.

ტურნირი განსაკუთრებული და გამორჩეულად საპასუხისმგებლოა ქართველი სპორტსმენებისათვის, რადგან ოლიმპიადის ლიცენზიების მოსაპოვებლად ერთდროულად 2 ქართველი წყვილი ასპარეზობს: სპორტულ ცეკვებში – მარია კაზაკოვა და გიორგი რევია, ხოლო სპორტულ წყვილებში – კარინა საფინა და ლუკა ბერულავა.

24 სექტემბერს ლუკა ბერულავას და კარინა საფინას წყვილმა თავისუფალი პროგრამა წარმატებით შეასრულა და უკვე მოიპოვა პეკინის ზამთრის ოლიმპიადის ლიცენზია.

მათ პირველ დღეს მოკლე პროგრამაში თითქმის უშეცდომოდ იციგურავეს და პირველი ადგილი არავის დაუთმეს. გადამწყვეტი იყო თავისუფალი პროგრამა, რომლის შემდეგაც უნდა გარკვეულიყო, მოიპოვებდა თუ არა ქართული წყვილი ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლებას – ობერსდორფის ტურნირიდან პეკინი 2022-ის ლიცენზიას მხოლოდ სამი საუკეთესო წყვილი იღებდა.

ბერულავამ და საფინამ გამოსვლა წარმატებით გააგრძელეს, თავისუფალ პროგრამაში 111,70 ქულა მოაგროვეს (ორი დისციპლინის ჯამში – 178,16) და მესამე ადგილი დაიკავეს, შესაბამისად, ლიცენზიაც მოიპოვეს. პირველობა არავის დაუთმო გერმანულმა წყვილმა, ხოლო მეორეზე ესპანელები გავიდნენ.

სპორტული წყვილების კატეგორიაში საქართველო ოლიმპიურ თამაშებში პირველად მიიღებს მონაწილეობას.

24 სექტემბერს ობერსდორფში პეკინის ოლიმპიადის ლიცენზიებისათვის ასპარეზობას მოცეკვავე წყვილები შეუერთდნენ.

4 ლიცენზიის მოსაპოვებლად 17 ქვეყნის 20-მა წყვილმა წარმოადგინა რიტმული ცეკვები. კონკურენცია ძალიან მაღალი იყო.

ქართველი მოციგურავეები მარია კაზაკოვა და გიორგი რევია ასპარეზობის პირველ სეგემენტში 66,95 ქულით ჯერჯერობით მე-5 ადგილზე არიან და 25 სექტემბერს თავისუფალ პროგრამაში წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში პეკინი-22-ის ლიცენზიის მოპოვებას შეძლებენ.

2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შვედეთში ზამთრის ოლიმპიადის ლიცენზიები უკვე მოიპოვეს ერთეულებში მოასპარეზე მორის ყვითელაშვილმა და ალინა ურუშაძემ.

კაზაკოვა-რევიას წარმატების შემთხვევაში საქართველოს ფიგურული ციგურაობის გუნდს სერიოზული შანსი აქვს, 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ყველა კატეგორიაში იყოს წარმოდგენილი.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close