ვარლამ გოლეთიანი: „ვიდრე ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მოგვიწევს პროტესტის გაგრძელება“
„ენკას“ მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა არ არის, ვითხოვთ გადაცემული ხეობის უკან დაბრუნებას და უკანონო ნებართვების გაუქმებას, – განაცხადა „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა „ენკას“ მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან კონტრაქტის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, პროტესტს მანამდე გააგრძელებენ, სანამ ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
„ხელშეკრულების შეწყვეტა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი პუნქტია, თუმცა ერთადერთი არ არის. მოთხოვნებში ასევე გადაცემული ხეობის უკან დაბრუნების საკითხი დგას, ასევე უკანონო ნებართვების გაუქმება, რომელიც გაცემული აქვს სამინისტროს ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ისე, რომ მთელი რიგი კვლევები არ იყო და წინსწრებით გასცეს ეს დასკვნები. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ ასევე ამ ნებართვების გაუქმებასაც. ვიდრე ასე კომპლექსურად ყველა ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მოგვიწევს, ისევ გავაგრძელოთ აქ პროტესტი. თუმცა ის, რომ ეს ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება არის გაწყვეტის პროცესში სახელმწიფოსთან, ეს მნიშვნელოვანია და პროტესტის მონაპოვარია“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
კომპანია „ენკა რინიუებლზმა“, რომელსაც „ნამახვანჰესი“ უნდა აეშენებინა, საქართველოსთან ხელშეკრულებას გაწყვეტის შესახებ 22 სექტემბერს გაავრცელა განცხადება.
კომენტარები