შეუცნობელი

რა საიდუმლოს ინახავს სარკე

რაც უფრო დაიჯერებთ ცრურწმენებს, მით უფრო მეტ ზეგავლენას მოახდენს ის თქვენზე. გჯერათ სიზმრების? – აუცილებლად აგიხდებათ. გჯერათ მარჩიელობის? – აუცილებლად აგიხდებათ „მკითხაობა“. მართლმადიდებლობა არ აღიარებს ცრურწმენებს და არც სარკის ამგვარ იდუმალებას.

სარკე უძველესი დროიდან მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე საიდუმლოებით მოცულ, მისტიკით აღსავსე საგნად. ყველას გვსმენია ალბათ, რომ როცა სახლში მიცვალებულია, სარკეს ფარავენ, რათა მასში გარდაცვლილის სული არ ჩასახლდეს. სარკეს იყენებენ მარჩიელობისთვის და „იმქვეყნად“ დასაკავშირებლად. ასევე გაგვიგია, რომ ცუდის ნიშანია სარკის გატეხა, გაბზარვა, რომ ავისგან დასაცავად სარკე ხშირად უნდა გავწმინდოთ წყლით და მის წინ სანთელი მოვატაროთ…

ეს ყველაფერი სიმართლეა თუ ცრურწმენა?

სარკე რამდენიმე საუკუნის წინათ გაჩნდა. მას აკეთებდნენ ძველი შუმერები, ინდოელები, ეგვიპტელები. თავდაპირველად ის ობსიდიანისგან, ბრინჯაოსა და ვერცხლისგან კეთდებოდა. მინის სარკე მხოლოდ მე-12 საუკუნეში, ვენეციაში გაჩნდა. ვენეციელები ასეთი სარკის დამზადების საიდუმლოს რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ინახავდნენ.

თითოეულ ქვეყანაში სარკის განთავსების საკუთარი ტრადიცია არსებობდა, რომელსაც დღესაც ბევრგან იცავენ. მაგალითად, აღმოსავლეთში სარკეს სახლის შესასვლელში კიდებდნენ, რათა უარყოფითი ენერგია სარკეში ასახულიყო და შენობაში არ შეეღწია. ევროპაში სარკეებს ფანჯრებში ათავსებდნენ, რათა მათ აესახათ ცუდი მეზობლის „ავი ფიქრები“ ან ის ნეგატივი, რომელიც მოდიოდა ახლოს მდგარი „მავნე“ შენობებიდან, საავადმყოფო იქნებოდა ეს თუ საპატიმრო.

ბევრი მეცნიერი დარწმუნებულია, რომ სარკე, ისევე როგორც ყოველი ნივთი, გარშემორტყმულია უხილავი ველით. ზოგ სარკეს დადებითი ენერგია აქვს, ზოგს – უარყოფითი, განსაკუთრებით, თუ მათ წინ ხდებოდა ჩხუბი, ძალადობა და, მით უმეტეს, მკვლელობა. სწორედ ამიტომ მეცნიერებიც და ექსტრასენსებიც ადამიანებს ურჩევენ, ექსპერიმენტები არ ჩაატარონ სარკის წინ: არ იმკითხაონ მისი დახმარებით, რადგან „სარკის დარტყმას“ ადამიანის მყიფე ენერგეტიკის დაზიანება შეუძლია.

გარდა ამისა, ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ სარკეს თავისი მეხსიერება აქვს, ამიტომ გარკვეულ პირობებში მის მიერ დაფიქსირებული ინფორმაცია სარკიდან გადმოედინება და ადამიანზე ახდენს ზემოქმედებას. მეცნიერები მთელ მსოფლიოში ცდილობენ გამოიყენონ სარკის ეს თვისება და ბევრ შემთხვევაში სარკეებთან მუშაობა პროფესიულ დონეზე მიდის.

მე-20 საუკუნის 90-იან წლებში მეცნიერებმა ორი გლობალური, მრავალდღიანი ექსპერიმენტი განახორციელეს. ექსპერიმენტი ათასობით კილომეტრით დაშორებულ ადამიანებს შორის ტრადიციული ტექნიკური საშუალებების გამოუყენებლად ინფორმაციის გადაცემას ისახავდა მიზნად. ცდაში მონაწილეობდა ოთხი ათასზე მეტი ადამიანი მსოფლიოს 12 ქვეყნიდან. ექსპერიმენტმა დაამტკიცა, რომ სარკის მეშვეობით შესაძლებელია აზრობრივი სახეების დისტანციური გადაცემა და მიღება.

სარკის მაგიური თვისებები

ჩინურ ტრადიციებში სარკეს ბოროტის განდევნის უნარი აქვს. სოციალური თვალსაზრისით ის ლოიალობის სიმბოლოა, ხოლო სულიერი თვალსაზრისით – ბრძენის ატრიბუტია, რომელიც გონებას სარკის მანერით ავლენს.

დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სარკეს უძველესი ჩინური ხელოვნება ფენ შუი, რომელიც მას დადებითი ენერგიის გასაორმაგებლად და ნეგატიურის დაბლოკვისთვის იყენებს. ფენ შუის მოძღვრების მიხედვით, რადგან სარკე ყველაფერს აორმაგებს, უნდა მოვერიდოთ, რომ მასში აისახოს ნეგატიური ენერგია ან საგნები, მაგალითად, ნაგვის ყუთი, ძველი, უსარგებლო ნივთები და, რაც მთავარია, ჩხუბი, უარყოფითი ემოციები, რადგან ეს ნეგატიური განწყობები ადამიანს გაორმაგებული უბრუნდება.

იაპონიაში სარკეს პირველხარისხოვანი როლი აქვს – ის სამეფო ტახტთან, ხმალთან და სამ მარგალიტთან ერთად იმპერატორის საგანძურს წარმოადგენს და სამ სიმბოლოს განასახიერებს: ჩი (ცოდნა), იუ (სიმამაცე) და ჯინ (გულმოწყალება).

ყველაზე ძველი და ფართოდ გავრცელებული ცრურწმენის მიხედვით, ძალიან ცუდია გატეხილი ან გაბზარული სარკე და ის სახლში არ უნდა გავაჩეროთ. მაგალითად, ინგლისში სარკის გატეხა საუკეთესო მეგობრის დაკარგვას ნიშნავს და ამის თავიდან ასაცილებლად ინგლისელები სარკის ნატეხებს გულმოდგინედ აგროვებენ და სწრაფ მდინარეში ყრიან, რაც ნიშნავს, რომ უსიამოვნებებს წყალს ატანენ.

ამერიკელებიც ავისმომასწავებლად აღიქვამენ სარკის გატეხას, ამიტომ მაშინვე ხუთდოლარიანს იღებენ და თან პირჯვარს იწერენ. ამერიკაში მიიჩნევენ, რომ ხუთდოლარიანი ბანკნოტი წარმატების მომტანია.

პარაფსიქოლოგების აზრით, როდესაც სარკე ტყდება, მასში დაგროვილი უარყოფითი ენერგია გარეთ გამოდის და უხილავი ენერგეტიკული ნაკადების სახით ოთახებში დიდი სიჩქარით „დაჰქრის“, ამიტომ ისინი გვირჩევენ, სარკის გატეხისთანავე ზომები მივიღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უარყოფითი ენერგია სახლს არ დატოვებს, სახლის რომელიმე ბინადარში დაიბუდებს და ამას თავისი საშინელი შედეგები მოჰყვება.

არის ასეთი გადმოცემა, რომელიც უკრაინის ერთ-ერთ სოფელში მე-19 საუკუნის ბოლოს მოხდა. ერთ-ერთი შეძლებული გლეხის სახლში კედელზე დაკიდებული სარკე გაიბზარა, შემდეგ კი გატყდა. მოახლეს, სახელად სალომეას, ნატეხების აღება და გადაყრა უბრძანეს, მაგრამ მან მხოლოდ მცირე ნამსხვრევები გადაყარა, ხოლო დიდი ნატეხები სახლში წაიღო, ერთი თავის საწოლთანაც დაკიდა, დანარჩენები კი თავის მეგობარ გოგონებს დაურიგა.

ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში სოფელში ერთმანეთის მიყოლებით საშინელი ამბები დატრიალდა: სამ დღეში მდინარეში დაიხრჩო სალომეა, ყოველგვარი ხილული მიზეზის გარეშე გარდაიცვალა მისი ერთ-ერთი მეგობარი გოგონა, ხოლო კიდევ გარკვეული პერიოდის შემდეგ, უცნობი ყაჩაღების ხელით – კიდევ ორი მეგობარი. ეს უბედურებები ამით არ დასრულებულა – სალომეას კიდევ ერთი მეგობარი იმავე მდინარეში დაიხრჩო, რომელშიც მოახლე გოგონა.

საინტერესოა ნაბოკოვის სარკის საიდუმლოც. ეს მისტიკური სარკე 1919 წლის შემდეგ ეფრემოვების ოჯახში აღმოჩნდა, როდესაც მათ შეიძინეს ის სახლი, სადაც ნაბოკოვები ცხოვრობდნენ და იქ შემორჩენილი იყო დიდი რუსი მწერლის კუთვნილი ნივთები.

ეფრემოვების შთამომავალი ვადიმი იხსენებდა, რომ ვერასდროს ჩერდებოდა იმ ოთახში, სადაც ეს სარკე იყო ჩამოკიდული, სულ ეჩვენებოდა, რომ მასთან ერთად ოთახში ვიღაც იმყოფებოდა, ვიღაც იყო მის ზურგს უკან და მისი გახშირებული სუნთქვაც ესმოდა. ერთხელ დედამისმა იმ ოთახში მოჩვენებაც დაინახა. ამან ვადიმს რწმენა განუმტკიცა, რომ ეს „ლოლიტას“ ავტორის მოჩვენება იყო.

ისიც საინტერესოა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, ლენინგრადის ბლოკადის პერიოდში ეს სარკე ამ ქალაქში იყო და ის ერთადერთი გადარჩენილი ნივთი აღმოჩნდა დაბომბვისას სრულიად განადგურებულ სახლში.

ვადიმმა არაერთხელ მოინდომა სარკის მოცილება, ცდილობდა ტყეში, მიწაში მის ჩაფლვას, რაიმე ადგილზე გადამალვას, მაგრამ ყოველ ჯერზე რწმუნდებოდა, რომ ეს დროის უქმად კარგვა იყო. როგორც კი მას სარკე სახლიდან გაქონდა, ოჯახში წარმოუდგენელი უბედურებები და ავადმყოფობები იჩენდა თავს, ამიტომ ვადიმი სარკეს ყოველთვის უკან აბრუნებდა.

ვადიმმა ვერ გაუძლო ამ მდგომარეობას და ბოლოს და ბოლოს გატეხა სარკე. მეორე დღეს კი ის საშინელი ავტოკატასტროფის შედეგად რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა.

გავრცელებულია აზრი იმის თაობაზე, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშანს რომელი გეომეტრიული ფიგურის სარკე შეესაბამება. მაგალითად, მრგვალი, ოვალური ან კვადრატული ფორმა ზოდიაქოს იმ ნიშნებს შეესატყვისება, რომელთა სტიქიაც წყალი და მიწაა.

ოთხკუთხედი, მაგრამ არაკვადრატული ფორმის სარკე სასურველია მათთვის, ვისი სტიქიაც წყალი ან ცეცხლია.

თაღისებრი ფორმის სარკე წყლის ენერგიასთან არის ახლოს.

სამკუთხედი ფორმა კი მიესადაგება ადამიანებს, რომელთა სტიქიაც ცეცხლი ან მიწაა.

სარკისა და მისი საიდუმლოებების ამოხსნის მსურველები რამდენიმე რჩევასაც გვაძლევენ: არ დატოვოთ სახლში თუნდაც ოდნავ გაბზარული, ან სიძველისგან ლაქებგაჩენილი სარკე; არ დაკიდოთ სარკე საძინებელ ოთახში ისე, რომ მასში მძინარე ადამიანი აისახოს, რადგან ძილის დროს ადამიანის ასტრალური სხეული ფიზიკურს ტოვებს და ამ დროს ის ყველაზე დაუცველია; არ დაკიდოთ სარკე აბაზანაში; არ დაანახოთ სარკეს უარყოფითი ემოციები, რადგან ის შემდეგ ამ ემოციებს ორმაგად დაგიბრუნებთ; მოერიდეთ სარკეში ჩახედვას საზოგადოებრივ ადგილებში, ჯობს საკუთარი, ჯიბის სარკით ისარგებლოთ.

ეს ცრურწმენაა თუ სინამდვილე, ვერ გეტყვით, მხოლოდ ერთის თქმა ნამდვილად შეიძლება: რაც უფრო დაიჯერებს ადამიანი სხვადასხვა ცრურწმენას, მით უფრო მეტ ზეგავლენას მოახდენს ის მასზე. გჯერათ სიზმრების? – აუცილებლად აგიხდებათ და „სიზმარას“ როლს მოირგებთ; თუ ყურადღებას არ მიაქცევთ, არც „აგიხდებათ“. გჯერათ, რომ თუ მარილი დაგეფანტათ, აუცილებლად იჩხუბებთ ვინმესთან? – ესეც აუცილებლად აგიხდებათ. გჯერათ მარჩიელობის? – აუცილებლად აგიხდებათ მარჩიელის „მკითხაობა“, ან წარსულს ისე ოსტატურად „გამოიცნობს“, შეგშურდებათ, ჩემი წარსული უფრო კარგად სცოდნიაო. გჯერათ ჯადოსი? – რაც მეტად ირწმუნებთ, მით უფრო იმოქმედებს მჩხიბავის ხილული თუ უხილავი ჯადო… მართლმადიდებლობა არ აღიარებს ცრურწმენებს და არც სარკის ამგვარ იდუმალებას და, რა თქმა უნდა, არც იმას, რომ ოჯახში, სადაც მიცვალებული ასვენია, სარკეების დაფარვაა საჭირო…

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close