fbpx
საზოგადოებასაქართველო

მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და ქვეყანას საბოტაჟს უწყობს – თენგიზ ცერცვაძე

„ფაიზერი“ ფუჭდება, ვადა გაუდის და რას შვრებით, ხალხო! ადამიანი „ფაიზერს“ გააფუჭებს?!“

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე  მედიასთან აცხადებს, რომ საქართველოში პირველადი აცრების რაოდენობამ დაიკლო, რაც ძალიან შემაშფოთებელია და მოლოდინი, რომ მეხუთე ტალღა საქართველოში აღარ იქნება, ან იქნება „ძალიან რბილი“, შესაძლოა არ გამართლდეს. მისი თქმით, „მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და ქვეყანას საბoტაჟს უწყობს.

„სამწუხაროდ, ყველანი შეშფოთებულები ვართ, ვაქცინაციის ტემპის ერთხანს მატების შემდეგ, როდესაც შესაძლებელი გახდა, რომ დავძლევდით პანდემიას და მეხუთე ტალღა აღარ იქნებოდა, ან იქნებოდა ძალიან რბილი, მოხდა პირიქით – ბოლო დღეებში შემცირდა ვაქცინირებულთა რიცხვი. კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის. რაც ჩვენთან ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხდება, მოსახლეობა თავის თავს უწყობს აპოკალიფსს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, ეს არის ანგაჟირებული, პოლიტიზირებული ნაწილი თუ სხვა მოტივები აქვთ – ან არის ცალკეული ექსპერტების ან ამბიცია დაუკმაყოფილებელი ექსპერტების დაუფიქრებელი გამონათქვამების შედეგი, მაგრამ ფაქტია, რომ მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და თავის ქვეყანას უწყობს საბოტაჟს. 13 ათასი ვაქცინა დღეში არის საბოტაჟი თავისი თავის მიმართ, საბოტაჟი, პირველ რიგში, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გადაცილებული არიან 60 წელს და ასეთები მგონი ყველას ჰყავს ოჯახში – ახლობლები მშობლები, ფაქტობრივად, წირავენ ისინი, როდესაც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, „ფაიზერის“ ვაქცინას, რომელიც საქართველოშია შემოტანილი, ვადა გასდის.

„ადრე, სანამ ვაქცინის შემოტანა დაგვიანდა და, სხვათა შორის, ისიც დაგვიანდა ამ ანგაჟირებული ადამიანების გამო, რომ ჩინური ვაქცინა არ უნდოდათ, პირდაპირ გამოდიოდნენ და ამბობდნენ: „მე გავიკეთებ მხოლოდ „ფაიზერს“ და ამიტომ სახელმწიფომ დააგვიანა შემოტანა. ახლა, „ფაიზერი“ გვაქვს სწორედ ყველაზე მეტი. „ფაიზერი“ ფუჭდება, ვადა გაუდის და რას შვრებით, ხალხო! ადამიანი „ფაიზერს“ გააფუჭებს?! მაშინ აჩუქებს სხვას, ვისაც ჩვენზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ვინც ამას გამოიყენებს. გვაქვს „სინოვაკი“, „სინოფარმი“ , „ასტრაზენეკა“, მივიღებთ „ჯონსონ და ჯონსონს“. მე ვერ გავიგე, მართლა საბოტაჟს აწყობთ?! რას აკეთებთ?!“ – აღნიშნავს ცერცვაძე.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით:

  • 23 სექტემბრისთვის საქართველოში სულ ჩატარებულია 1 700 895 აცრა;
  • სულ მცირე, ერთი დოზით ვაქცინირებულია 960 081 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 32%;
  • სრულად ვაქცინირებულია 740 814 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 24.7%;
  • 22 სექტემბერს აიცრა 12 948 ადამიანი (21 სექტემბერს – 13 962 ადამიანი).

ნინო ხოშტარია

ვაქცინაციის სტატისტიკა რეგიონების მიხედვით 2021 წლის 22 სექტემბრისთვის

ვაქცინაციის სტატისტიკა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით 2021 წლის 20 სექტემბრისთვის

სტატისტიკური მონაცემების წყარო: datacov.moh.gov.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close