მედიცინამსოფლიო

როდის დასრულდება პანდემია – ევროპის წამყვანი მეცნიერების პროგნოზი

20 თვეზე მეტია, რაც მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის და ყველა საჭირო ინსტრუმენტს იყენებს, რათა ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდეს.

თუმცა, კოვიდის ახალი შტამების წარმოშობისა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მუდმივად ცვალებადობის გამო ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს უჭირთ ზუსტი პროგნოზის გაკეთა იმის თაობაზე, თუ როდის დაუბრუნდება მსოფლიო პრეპანდემიურ ვითარებას.

ამიტომ ევროპის 30-მა წამყვანმა მეცნიერ-მედიკოსმა, დიდხნიანი მსჯელობის შემდეგ, კორონავირუსის პანდემიის დასრულების 4 სავარაუდო სცენარი წარმოადგინა. ინფორმაცია სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა.

ევროპის წამყვანი სამედიცინო ექსპერტების თქმით, პანდემიის განვითარება 3 ძირითად ფაქტორზეა დამოკიდებული:

  • ვაქცინაციის მასშტაბები;
  • როგორი იქნება ვირუსის მუტაცია და რამდენად სახიფათო იქნება მისი ახალი შტამები;
  • რამდენად დაიცავს ვაქცინირებული და არავაქცინირებული მოსახლეობა შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს;

მეცნიერების შემოთავაზებული პანდემიის დასრულების 4 სავარაუდო სცენარი კი ასე გამოიყურება:

  • სცენარი პირველი – ვირუსის სრულად აღმოფხვრა

ამ სცენარის განვითარება გულისხმობს იმას, რომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები კორონავირუსის სრულად განადგურებას შეძლებენ.  როგორც ეს ვარიოლა ვირუსის შემთხვევაში მოხდა.

ამის მიღწევა კი მხოლოდ ერთ რამეზეა დამოკიდებული: აცრის ან ვირუსის გადატანის შემდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი ხანგძლივი და ძლიერი უნდა იყოს, რათა ადამიანი რეინფიცირებისგან დაიცვას და ვირუსის გავრცელება შეაჩეროს.

თუმცა, მეცნიერების აზრით, ამ სცენარის განვითარების შანსი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან კოვიდი მუდმივად მუტირებს.

  • სცენარი მეორე – ინფექციის განდევნა.

კოვიდპანდემიის დასრულების მეორე სცენარი კი მკაცრი შეზღუდვებისა და მასობრივი იმუნიზაციის ხარჯზე ინფიცირების ახალი შემთხვევების ნულამდე შემცირებაა. ამ სცენარის განვითარებისთვის კი აუცილებელია ბავშვების ვაქცინაციაც.

სხათა შორის, ამ შედეგის მიღწევა უკვე შეძლეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა: ავსტრალია, ვიეტნამი, ჩინეთი, ახალი ზელანდია და სინგაპური.

  • სცენარი მესამე – ვირუსთან ერთად ცხოვრება

პანდემიის დასრულების მესამე სავარაუდო სცენარს კი მეცნიერებმა კოჰაბიტაცია უწოდეს. ეს გულისხმობს იმას, რომ ადამიანებმა ვირუსთან ერთად თანაცხოვრება უნდა ისწავლონ. ამ შემთხვევაში ვაქცინები ადამიანებს მხოლოდ კოვიდის მძიმე ფორმების განვითარებისა და ლეტალური შედეგებისგან დაიცავენ. შესაბამისად, იქ,  სადაც ვაქცინირებულთა რაოდენობა მაღალი იქნება, კორონავირუსი სეზონურ გაციებად გადაიქცევა.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში ყველაზე სავარაუდო სწორედ ეს ვარიანტია.

  • სცენარი მეოთხე – ვირუსის მასშტაბური აფეთქება

პანდემიის დასრულების მეოთხე და ყველაზე არასასურველი სცენარი კი ვირუსის მასშტაბური აფეთქებაა. ეს ვარიანტი ყველაზე სავარაუდოა იმ შემთხვევაში, თუ პლანეტის მნიშვნელოვანი ნაწილი აუცრელი იქნება. ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი ვირუსის მუტაციას შეუწყობს ხელს, რაც კოვიდის გავრცელების მაჩვენებელს მნიშვნელოვნლად გაზრდის.

წყარო: primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close