მიგრაციადასაქმება

ევროკავშირის „ცისფერი ბარათის“ მიღება მარტივდება

ევროპარლამენტმა „ცისფერი ბარათის“ გაცემის ახალი წესები დაამტკიცა

ევროპარლამენტმა დაამტკიცა ახალი დირექტივა „ცისფერი ბარათის“ (Blue Card) შესახებ, რომელიც ევროკავშირის შრომით ბაზარზე მაღალკვალიფიციური უცხოელი (ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან) მუშაკების დაშვების წესებს ცვლის.

ოთხშაბათს, 15 სექტემბერს  სტრასბურგში გამართულ პლენარულ სხდომაზე დოკუმენტს მხარი დაუჭირა 556-მა ევროდეპუტატმა, 105  წინააღმდეგი იყო, 31-მა კი თავი შეიკავა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

ახლა დირექტივა საბოლოოდ ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს, მისი ოფიციალური გამოქვეყნებიდან კი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს 2 წელი ექნებათ, რათა თავიანთ ეროვნულ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები შეიტანონ.

რა იცვლება და მარტივდება

ახალი წესები „ცისფერი ბარათის“ გაცემას ამარტივებს – ანაზღაურების მინიმალური ოდენობის განსაზღვრა, რომელიც აუცილებელია მის მისაღებად, უფრო მოქნილი იქნება  – ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასის 100%-იდან 160%-მდე. ამჟამად ხელფასის მინიმალური ოდენობა, რომელის აუცილებელია „ცისფერი ბარათის“ მისაღებად, შესაბამის ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასის 150%-ს უდრის.

კიდევ ერთი პირობა Blue Card-ის მისაღებად არის შრომითი ხელშეკრულების არსებობა უცხოელ მუშაკსა და დამსაქმებელს შორის, ან დასაქმების იურიდიული ვალდებულება, ამასთან, ამ დოკუმენტებით განსაზღვრული შრომითი ურთიერთობების (დასაქმების) მინიმალური ვადა ერთი წლიდან 6 თვემდე შემცირდა.

რას წარმოადგენს „ცისფერი ბარათი“ –  Blue Card?

Blue Card-ი ერთგვარი განსაკუთრებული სამუშაო ვიზაა. ის ნაწილობრივ ამერიკული „მწვანე ბარათის“ მსგავსია, თუმცა მისგან განსხვავებით „ცისფერი ბარათის“ ლატარია არ თამაშდება. ევროკავშირის „ცისფერი ბარათის“ სისტემა 2009 წელს დაამტკიცეს, ძალაში კი 2012 წლიდან შევიდა  ევროკავშირის ქვეყნებში (დანიისა და ირლანდიის გარდა) მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მისაზიდად. ინგლისურად ამ ბარათს ჰქვია Blue Card, გერმანულად კი – Blaue Karte.

„ცისფერი ბარათის“ გაცემისთვის არსებული წესების შეცვლა (გამარტივება) ევროკავშირს ევროკომისიამ ჯერ კიდევ 2016 წელს შესთავაზა, თუმცა ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოს შორის მოლაპარაკებებს დიდხანს შედეგი არ ჰქონია, კომპრომისის მიღწევა მხოლოდ 2021 წლის მაისში მოხერხდა.

ნიკო აბაშიშვილი

აგრეთვე, დაგაინტერესებთ: ცისფერი ბარათი – გერმანიასა და, ზოგადად, ევროკავშირში მუშაობის განსაკუთრებული უფლება

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close