fbpx
კინო/ფილმები

ქართველი რეჟისორი სან-სებასტიანის A კლასის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება

რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი სან სებასტიანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ შარშან, ჩრდილოეთ ესპანეთში, ბასკეთში, სან-სებასტიანში, მისი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის, „დასაწყისის“ ტრიუმფი იყო. ნამუშევარმა 4 ჯილდო აიღო:

კინოფესტივალის მთავარი პრიზი – „ოქროს ნიჟარა“;

დეა კულუმბეგაშვილი – საუკეთესო რეჟისორი („ვერცხლის ნიჟარა“);

ია სუხიტაშვილი – საუკეთესო მსახიობი ქალი („ვერცხლის ნიჟარა“);

დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი – საუკეთესო სცენარი (ჟიურის სპეციალური პრიზი);

სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალი უმაღლესი, A კლასის კინოფესტივალია, 1953 წლიდან იმართება და ყოველწლიურად საავტორო კინოს 200-250 ნამუშევარს სთავაზობს ფესტივალის სტუმრებს. სხვადასხვა წელს სან-სებასტიანს ალფრედ ჰიჩკოკი, ფრენსის ფორდ კოპოლა, რომან პოლანსკი, ბონ ჯუ ჰო და კინოს სხვა ოსტატები სტუმრობდნენ.

წელს კინოფესტივალზე საქართველო მასშტაბურად იქნება წარმოდგენილი, ინდუსტიული კუთხით. ფესტივალის ინდუსტრიული დღეების ფარგლებში, 19-23 სექტემბერს გაიმართება ღონისძიება FOCUS ON GEORGIA, რომელზეც საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება. ფესტივალზე გაემგზავრება 10 ქართველი პროდიუსერი საინტერესო საქმიანი შეხვედრების გასამართად და უცხოელ კოლეგებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.

FOCUS ON ევროპისა და სამხრეთ ამერიკის კოპროდუქციის ფორუმის ნაწილია. წელს ღონისძიება ტარდება სან-სებასტიანის კინოფესტივალისა და ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლობით.

აღსანიშნავია, რომ სან-სებასტიანის კინოფესტივალის ინიციატივა WIP Europa-ს ფარგლებში ქართველი რეჟისორი დავით ფირცხალავა თავისი ფილმის პროექტს წარადგენს, სახელწოდებით „დიდი შესვენება”. ფილმს უკვე მიღებული აქვს ეროვნული კინოცენტრის დაფინანსება.

წლევანდელი სან-სებასტიანის ფესტივალი 17-25 სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close