საზოგადოებასაქართველო

სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს იუსტიციის სამინისტრო შეღავათებს უწესებს

მოქალაქეები, რომლებსაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა აქვთ მიღებული, იუსტიციის სამინისტროს ზოგიერთ მომსახურებას ორი თვის განმავლობაში სრულიად უფასოდ ან განახევრებული ფასებით მიიღებენ.

სამინისტროს განცხადებით, სრულად ვაქცინირებული მოქალაქეები საფასურის გადახდისგან სრულად გათავისუფლდებიან ისეთი სერვისით სარგებლობისას, როგორიცაა:

  • ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება ან გაუქმება;
  • უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლება.

მომსახურების საფასური განახევრდება შემდეგ სერვისებზე:

  • ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ცნობის აღება;
  • ID სერტიფიკატის განახლება.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, დაწესებული შეღავათების მიღებას ორჯერადად ვაქცინირებული მოქალაქეები იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში ვიზიტის წინასწარ დაჯავშნის გარეშე შეძლებენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში – 31 აგვისტოს აიცრა 26 201 ადამიანი, ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე კი გაკეთებულია 1 210 746 აცრა.

ვაქცინის ერთი დოზა მიიღო 802 083-ა ადამიანმა ანუ მოზრდილი მოსახლეობის 28.1%-მა. სრულად ვაქცინირებულია 408 663 მოქალაქე, რაც მოზრდილი მოსახლეობის 14.3%-ია.

საქართველოში აცრა დაშვებულია 16 წელს მიღწეულთათვის და გამოიყენება 4 სახის ვაქცინა: „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“. „მოდერნას“ შემოტანაზე საქართველომ, სხვადასხვა მოსაზრებით, მათ შორის, ფასის გამო უარი თქვა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close