fbpx
სპორტი

რა თანხა გამოიმუშავა MMA-ს ქართველმა „ნინძამ“ მთავარ ბრძოლაში, რომლითაც UFC-ში ქართული ისტორია დაწერა (ვიდეო)

და მაინც, სპორტის რა სახეობაა MMA და რას ნიშნავს UFC

29 აგვისტოს ლას ვეგასში გამართულ UFC-ს ღონისძიების მთავარ ბრძოლაში 33 წლის გიგა ჭიკაძე ბრაზილიელ ედსონ ბარბოზას დაუპირისპირდა და მეტოქე მესამე რაუნდში დაანოკაუტა. ქართველმა მებრძოლმა UFC-ში ზედიზედ მე-7 ბრძოლა მოიგო.

დღემდე UFC-ს ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში ქართველებიდან არავის უჩხუბია. ჭიკაძემ კი მთავარ ბრძოლაში იჩხუბა და მისი მოგებაც შეძლო.

როგორც მედია იუწყება, თბილისელმა სპორტსმენმა შთამბეჭდავი მასტერ-ლასი აჩვენა. ყოფილი პროფესიონალი კიკბოქსიორისთვის, რომელმაც UFC-სთან 2019 წელს მოაწერა ხელი კონტრაქტს, ეს დიდი მიღწევაა. ზედიზედ მოგებების რაოდენობით ის უკვე დაეწია UFC-ს მოქმედ ჩემპიონს ნახევრად მსუბუქ წონაში ალექსანდერ ვოლნანოვსკის.

„საქართველოს გაუმარჯოს! Viva Georgia“, – ასე მიმართა გამარჯვებულმა გიგა ჭიკაძემ აუდიტორიას.

mmasalaries.com-ის ცნობით, გიგა ჭიკაძემ ედსონ ბარბოზასთან გამარჯვებით 200 000 დოლარი გამოიმუშავა. თანხა ასე გადანაწილდა:

გარანტირებული თანხა – 72 000 დოლარი
გამარჯვების ბონუსი – 72 000 დოლარი
სანახაობა – 50 000 დოლარი
სასპონსორო თანხა – 6 000 დოლარი
სულ – 200 000 დოლარი

ჭიკაძემ, რომელსაც ქართველ „ნინძას“ უწოდებენ, კარიერაში მე-14 და UFC-ში მე-7 გამარჯვება მოიპოვა. სპეციალიტები ვარაუდობენ, რომ მისი მომდევნო მეტოქე დივიზიონის ტოპ 5-ის ერთ-ერთი წარმომადგენელი იქნება.

თავად გიგამ, გამარჯვების შემდეგ, დამსწრეთ მიმართა და უთხრა, რომ რეიტინგის ლიდერთან მაქს ჰოლოვეისთან ჩხუბი სურს.

გიგა ჭიკაძეს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს საქართველოში და, ასევე, ქართულ ემიგრაციაში. მისი გამარჯვების ფასი კი განსაკუთრებით კარგად სპორტსმენებმა იციან –  ამას ადასტურებს ოლიმპიური ჩემპიონის, ძიუდოისტ ლაშა ბექაურის ემოციებიც ჭიკაძის ბრძოლის ყურებისას.

 

და მაინც, სპორტის რა სახეობაა MMA?

ბრძოლა წესების გარეშე MMA-ს არასწორი დასახელებაა. მას არაფერი აქვს საერთო შერეულ ორთაბრძოლებთან, რომელთაც წესები აქვს. MMA-ს გაერთიანებული წესები კრძალავს მთელ რიგ მოქმედებას, მათ შორის:  თავით დარტყმას, სახეში ხელის წავლებას, თვალში თითის ჩადებას, საზარდულის არეში დარტყმას, მოწინააღმდეგის კბენას, იდაყვის წვეტიანი ნაწილის დარტყმას (ე. წ. დარტყმა „12-6”), მეტოქისთვის ფეხების დარტყმას იმ დროს, როცა ის სამი წერტილით არის გალიის იატაკზე, მათ შორის, soccer-kick-ს (საფეხბურთო დარტყმა თავში წაქცეულ მოწინააღმდეგეზე).

MMA (Mixed Martial Arts) – შერეული ორთაბრძოლები. სპორტის სახეობა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გავრცელდა გასული საუკუნის 90-იან წლებში. MMA პრინციპულად განსხვავდება ორთაბრძოლების სხვა სახეობებისგან იმით, რომ მებრძოლებს აქვთ უფლება, გამოიყენონ სხვადასხვა ტექნიკისა და ილეთის უდიდესი არსენალი, რომელიც  რომელიმე ერთ სახეობაში ადრე მიუწვდომელი იყო. პირველ ტურნირებში მონაწილეობდნენ მოჭიდავეები, მოკრივეები, კიკბოქსიორები, კარატეს, სუმოსა და ჯიუ-ჯიცუს ოსტატები…

დროთა განმავლობაში MMA-მ ევოლუცია განიცადა. მებრძოლები იყენებენ სხვადასხვა ტექნიკას იმისთვის, რომ გამარჯვებას მიაღწიონ – ისინი იბრძვიან, ურტყამენ ერთმანეთს ფეხებსა და ხელებს, ატარებენ მტკივნეულ და მახრჩობელა ილეთებს. თანამედროვე MMA – ეს არის სპორტის ერთ სახეობაში გაერთიანებული კრივი, კიკბოქსინგი, ჯიუ-ჯიცუ, კარატე და მუაი-ტაი.

UFC (Utimate Fighting Championship). სახელწოდებას, ჩვეულებრივ, არ თარგმნიან, მაგრამ თუ აუცილებლობა მოითხოვს, ამბობენ – აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი. UFC – ეს არის დღეისთვის MMA-ს ყველაზე მძლავრი ორგანიზაცია. მას ხელმძღვანელობს 52 წლის ამერიკელი ბიზნესმენი დეინა უაითი (Dana White), რომელმაც სააკვანძო როლი ითამაშა ММА-ს პოპულარიზაციაში არა მარტო აშშ-ში, არამედ მთელ მსოფლიოში.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close