მითხარი, რა გიყვარს და გეტყვი, ვინ ხარ – საკვები და ხასიათის თავისებურებები
ახალს არაფერს ვიტყვით, თუ აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერ ადამიანს ამა თუ იმ კერძისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება აქვს. ნათქვამია, გემოვნებაზე არ დავობენო, თუმცა იმის მიხედვით, თუ როგორი საკვები უყვარს ადამიანს, შეიძლება მისი ხასიათის განსაზღვრა და იმ ნაკლოვანებებზე ყურადღების გამახვილება (სურვილის შემთხვევაში იქნებ გამოსწორებაც კი), რომლებიც ხასიათიდან მომდინარეობს.
ბოსტნეულის მოყვარულები – ენერგიით აღსავსე ადამიანები არიან. ისინი პატივმოყვარეობითა და სიძუნწით გამოირჩევიან, ჯანმრთელობას ყოველთვის უფრთხილდებიან. ვეგეტარიანელებს ვურჩევთ, ნაკლები მარილი მიიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კუჭ-ნაწლავის პრობლემები გარდაუვალია.
ცხიმიანი საკვების მოყვარულნი – მკვირცხლი ადამიანები არიან. პროფესიული თვალსაზრისით, მწვერვალებს იპყრობენ. კარგად ფლობენ ფლირტის ხელოვნებას. არაჩვეულებრივი მომხიბვლელობა აქვთ, თუმცა ტაქტიანობა არ აწყენდათ, რადგანაც ზედმეტი გულახდილობით თანამოსაუბრეებს თრგუნავენ და ერთგვარად აღიზიანებენ კიდეც.
ხილის მოყვარულები – მგრძნობიარეები და მეტად ყურადღებიანები არიან. დიდი სამეგობრო წრე აქვთ. კონკურენცია მათთვის არ არსებობს. კარიერის გაკეთებაზე, უბრალოდ, არც კი ფიქრობენ. მათი საქმიანი სფერო შემოქმედებითი უნარის გამოვლენას უკავშირდება. ნაკლები პატივმოყვარეობის გამო ისინი უსუსურ არსებებად გამოიყურებიან.
თევზისა და ზღვის პროდუქტების მოყვარულები – მშვიდი ბუნებით გამოირჩევიან, მაგრამ მეგობრებთან და კოლეგებთან ურთიერთობისას გულახდილები არ არიან. საკუთარ აზრს იშვიათად გამოთქვამენ.
მწარე და ცხარე საკვების მოყვარულნი – დიდ ტემპერამენტს ავლენე, თავგადასავლები იტაცებთ, ამიტომ ისეთი სამუშაო უნდა გამონახონ, სადაც მუდმივი აქტიურობაა საჭირო. ისინი სასიყვარულო ინტრიგებში ხშირად ებმებიან. მათი ნაკლი ეგოიზმია. კამათსა და შენიშვნებს ვერ იტანენ. დაავადებებს რომ თავი აარიდონ, ისინი მარილიან კერძებს უნდა მოერიდონ.
ხორცის მოყვარულნი – იმპულსურობით გამოირჩევიან. მათი ცხოვრება მუდმივად აღმავლობა-დაღმავლობის მონაცვლეობით მიმდინარეობს. საკუთარი გეგმების განხორციელებას ხშირად ვერ ახერხებენ. პარტნიორულ ურთიერთობებში სანდონი არიან. მათ ხშირად აწუხებთ კუჭ-ნაწლავისა და სისხლძარღვების დაავადებები. აღენიშნებათ ჭარბი წონა.
თამთა გურული
კომენტარები