მსოფლიოnews

ქიმიურ საწარმოში აფეთქების შედეგად გერმანიაში ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 თანამშრომელი დაკარგულად ითვლება

აფეთქება ლევერკუზენის ინდუსტრიულ პარკში მოხდა, ავარიის მიზეზს და მასშტაბს ადგენენ. გამოცხადებულია უმაღლესი დონის საფრთხის განგაში

ქიმიური საწარმოს Currenta-ს ტერიტორიაზე ლევერკუზენში (ქალაქი გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალურ მიწაზე, კიოლნიდან დაახ. 20 კმ-ის დაშორებით), სამშაბათს, 27 ივლისს, დილის 9:40 სთ-ზე აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. კომპანიის მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა, ამ დროისთვის უკვალოდ დაკარგულად ითვლება 4 თანამშრომელი, 16-მა ადამიანმა ჭრილობები მიიღო, მათგან 4 მძიმე მდგომარეობაშია. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს. 

აფეთქება საწარმოო ნარჩენების განადგურების ცენტრის საცავში მოხდა, რომელიც ლევერკუზენის ბიურიგის რაიონში მდებარეობს. კომპანიის ცნობით, საწვავის საწყობი აფეთქდა.

Currenta-ს ინფორმაციით, ხანძარი უკვე ჩააქრეს, ინდუსტრიულ პარკში განლაგებული საწარმოები უსაფრთხოების მდგომარეობაშია მოყვანილი. ამასთან, ინდუსტრიული პარკის  Chempark Leverkusen-ის დირექტორის, ლარს ფრიდრიხმის განცხადებით,ისევ არსებობს საფრთხე მოსახლეობისთვის.

აფეთქების შემდეგ მოსახლეობის დაცვის ფედერალურმა უწყებამ უმაღლესი დონის საფრთხის განგაში გამოაცხადა და  ავარიის ადგილის მიმდებარედ მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდა, შენობებში შესულიყვნენ და ყველა კარი და ფანჯარა დაეკეტათ. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პოლიციის ცნობით, ავარიის მასშტაბი და შედეგები, აგრეთვე, მიზეზი დგინდება.

ჰაერის სინჯების პირველმა შემოწმებამ საფრთხის არარსებობა აჩვენა. ავარიის ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები, პოლიცია და სპეცტექნიკა, რომელიც ჰაერის სინჯებს იღებს.

გადაკეტილია რამდენიმე ახლომდებარე ავტობანი კიოლნისა და ლევერკუზენის რაიონებში, მათ შორის, ავტობან  A1-ის მონაკვეთი და მასთან დაკავშირებული  რამდენიმე გზა. გამვლელი ავტომობილების მძღოლებს სთხოვენ, ფანჯრები დაკეტილი ჰქონდეთ.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი კვირის წინათ მომხდარმა კატასტროფულმა წყალდიდობამ  ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალია ძლიერ დააზარალა, რაინლანდ-პფალცის ფედერალურ მიწასთან ერთად.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close