პოლიტიკასაზოგადოება

„მწვანე საშვის“ შემოღების შემდეგ იტალიაში ვაქცინაციაზე რეგისტრაციის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა

რომსა და სხვა ქალაქებში მთავრობის გადაწყვეტილება გააპროტესტეს

არავაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვების დაწესების შემდეგ იტალიაში ვაქცინაციაზე რეგისტრაციის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.

„დღეს დავაფიქსირეთ ჯავშნების 15%-იდან 200%-მდე ზრდა, რეგიონების მიხედვით. ფრიული ვენეცია ჯულიაში 6 000%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, – განაცხადა TG5-ზე გამოსვლისას იტალიის საგანგებო სიტუაციების კომისარმა ფრანჩესკო ფილიუოლომ. მან დასძინა, რომ ქვეყანაში დღეში 500 000-ზე მეტი აცრა კეთდება.

პიემონტის რეგიონში, მთავრობის მიერ „მწვანე საშვთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე საათში, ვაქცინაციაზე დარეგისტრირების მაჩვენებელი გაორმაგდა წინა დღეების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ამის შესახებ პიემონტის რეგიონის პრეზიდენტმა ალბერტო ჩირიომ განაცხადა.

იტალიაში 6 გვისტოდან სტადიონებზე, მუზეუმებში, თეატრებში, კინოთეატრებში, საგამოფენო ცენტრებსა და სპორტდარბაზებში შესვლა მხოლოდ ე.წ. „მწვანე საშვის“ წარდგენის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. აღნიშნული დოკუმენტი ასევე საჭირო იქნება დახურული ტიპის რესტორნებში და ბარის დახლთან მომსახურების მისაღებად.

იტალიის მთავრობის მეთაური მარიო დრაგი აცხადებს, რომ დელტა ვარიანტის გავრცელების ფონზე გამოსავალი მხოლოდ ვაქცინაციაა, სხვა შემთხვევაში ისევ ლოქდაუნის დაწესება გახდება საჭირო:

„დელტა“ ვარიანტი საშიშია. ის ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე სხვა ვარიანტები. ყველა იტალიელს ვაქცინაციისკენ მოვუწოდებ. ვაქცინაციის გარეშე ისევ ყველაფრის დახურვა მოგვიწევს“, – აღნიშნა იტალიის პრემიერმა.

რომში დღეს „მწვანე საშვის“ და ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა

შეძახილებით: “No al green pass” და “Libertà” („არა მწვანე საშვს“ და „თავისუფლება“), პოლიციის ინფორმაციით, 3000 დემონსტრანტმა აქცია რომის მთავარ მოედანზე, პიაცა პოპოლოზე გამართა. მათგან პირბადე ცოტას თუ ეკეთა. ინიციატივა სოციალური ქსელებით გაავრცელა „მწვანე საშვის“ მოწინააღმდეგეთა ეროვნულმა მოძრაობამ. აქცია პოლიციამ დაშალა, მათ შორის, ჯავშანტექნიკის გამოყენებითაც კი.

„მე ვაქცინაციის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ „მწვანე საშვი“ დამღუპველად აისახება ეკონომიკაზე“, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე რესტორატორმა, ხოლო პენსიონერმა ქალმა განაცხადა, რომ არ აიცრებოდა: „არ ავიცრები და ვერც მაიძულებენ“, – თქვა მან.

„მწვანე საშვის“ მოწინააღმდეგეთა აქცია ბოლცანოს ისტორიულ ცენტრშიც გაიმართა, სადაც ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა და სკანდირებდა: „თავისუფლება, თავისუფლება!“

ფლორენციაში კი „მწვანე საშვთან“ დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ასობით ადამიანი სინიორიის მოედანზე შეიკრიბა.

ნეაპოლის ქუჩებში რამდენიმე ასეული ადამიანი გამოვიდა. ისინი სკანდირებდნენ „არა მწვანე საშვს!“

ტურინში კი ასობით ადამიანი ჩადგა რიგში პარტია ItaliaExit-ს მიერ ორგანიზებული ხელმოწერების შესაგროვებლად „მწვანე საშვთან“ დაკავშირებით მარიო დრაგის დადგენილების წინააღმდეგ.

„ჩვენ ხმას ვაძლევთ საზოგადოების იმ ნაწილს, – განმარტა ივანო ფერამ, ტურინის მერობის კანდიდატმა პარტია ItalExit-იდან, – რომლებიც ამ ტიპის დისკრიმინაციული ვალდებულებების წინააღმდეგ გამოდიან და შეშინებულები არიან იმით, რაც ხდება. ამ ადამიანებიდან ყველა არ არის ვაქცინაციის წინააღმდეგი, მაგრამ „მწვანე საშვს“ ყველა ეწინააღმდეგება. მათ, ვისაც აცრა სურს, უნდა ჰქონდეთ საშუალება, ეს უსაფრთხოდ გააკეთონ და არა ფარდულებში და საქონლის სადგომის მსგავს რაღაც ვაგონებში, ხოლო ვისაც არ უნდა აცრა, უნდა ჰქონდეს საშუალება, არ აიცრას.

„ანსას“ ინფორმაციით, დაახლოებით 80 იტალიურ ქალაქში მოელიან „მწვანე საშვის“ მოწინააღმდეგეთა აქციებს ქუჩაში, ინტერნეტით გავრცელებული ინიციატივის საპასუხოდ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close