ისრაელში ღეროვან უჯრედებზე დაფუძნებული წამალი შექმნეს COVID-19-ის წინააღმდეგ
პრეპარატმა წარმატებით გაიარა ტესტირების პირველი ეტაპი - მან გამოცდა გაიარა მძიმე მდგომარეობაში მყოფ კოვიდპაციენტებზე, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდათ
ისრაელში წარმატებით დასრულდა ღეროვან უჯრედებზე დაფუძნებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატის კვლევების პირველი ეტაპი. ამის შესახებ РИА Новости წერს.
ექსპერტების თქმით, დღე-ღამეში მხოლოდ სამი ინიექცია იყო საჭირო სატურაციის დონის ნორმაში მოსაყვანად და პაციენტების მდგომარეობის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, ამჟამად ექსპერტები ტესტირების მეორე ეტაპზე გადადიან.
Bonus BioGroup Ltd-ის მთავარი მკვლევარის, ტომას ბრონშტეინის თქმით, ღეროვან უჯრედებს შეუძლიათ იმუნური სისტემის დამშვიდება და, ამის შედეგად, დაზიანებული ქსოვილის აღდგენა. მკვლევარები იყენებენ ამ თვისებას ჰიპერრეაქციის (ციტოკინური შტორმის) განკურნებისთვის კორონავირუსის დროს (ანთებითი რეაქცია, როდესაც იმუნური სისტემა თავს ესხმის საკუთარი ორგანიზმის უჯრედებსა და ქსოვილებს – რედ.). ღეროვან უჯრედებს იღებენ ჯანმრთელი ადამიანების ორგანიზმიდან და შემდეგ შეაქვთ ცვლილებები ბიორეაქტორში. პრეპარატის დამზადებას დაახლოებით ათი დღე სჭირდება.
„თითოეულ ასეთ დოზაში მილიონობით დამუშავებული ღეროვანი უჯრედია, რომლებსაც აქვთ მკურნალობის წარმოუდგენელი პოტენციალი. კლინიკური კვლევების დროს დავინახეთ, რომ ჩვენი მკურნალობისას უსაფრთხოება დაცულია. ასევე ვნახეთ, რა წარმოუდგენელი ეფექტი აქვს ჩვენს წამალს”, – განაცხადა ბრონშტეინმა.
კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემებმა, რომელიც ექსპერიმენტში მონაწილე პაციენტებს ჩაუტარეს ახალი პრეპარატის მიღებამდე, უშუალოდ მის შემდეგ და ასევე ერთი თვის შემდეგ, აჩვენა, რომ პრეპარატი ეფექტიანად კურნავს პნევმონიას.
„პრაქტიკულად,სუფთა ფილტვებს ვხედავთ მკურნალობიდან ერთი თვის შემდეგ. ეს კი, როგორც წესი, ასე სწრაფად არ ხდება. ასევე მნიშვნელოვანია ითქვას, რომ პრეპარატის გამოყენებისას რაიმე სერიოზული გვერდითი მოვლენა არ შეგვიმჩნევია”, – განაცხადა ექიმმა ჰამუდმა.
მკვლევარები ამჟამად პრეპარატის გამოკვლევების მეორე ეტაპზე გადადიან, რომელიც ისრაელში კორონავირუსის მძიმედ დაავადებული 60 პაციენტის მონაწილეობით ჩატარდება. მეორე ფაზის დასრულების შემდეგ დაიწყება მესამე, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 300-მდე პაციენტი მიიღებს მონაწილეობას.
კომენტარები