fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

გერმანიაში წყალდიდობას, სულ ცოტა, 43 ადამიანი ემსხვერპლა – შემაძრწუნებელი კადრები (ვიდეო)

ციკლონ „ბერნდის“ მიერ გამოწვეული ძლიერი წვიმების გამო, რომელიც გერმანიას თავს დაატყდა, არვაილერის რაიონში, რაინლანდ-პფალცის ფედერალურ მიწაზე 6 სახლი ჩამოინგრა, რამდენიმე შენობა კი ჩამონგრევის პირასაა. ამის შესახებ ფედერალური პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა 15 ივლისს განაცხადა. დაზუსტებული მონაცემებით, გერმანიის დასავლეთში, რამდენიმე რაიონში, სულ ცოტა, 43 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „დოიჩე ველეს“ იტყობინება. სხვადასხვა მონაცემით, ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება 30-იდან 60 ადამიანამდე.

კობლენცის პოლიციამ ამ რეგიონში 18 მსხვერპლის შესახებ განაცხადა, კიოლნის პოლიციამ – 20 მსხვერპლის შესახებ, მათგან 15 – ქალაქ ოისკირხენში. ამას გარდა, კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. წყალდიდობაა რაინისა და მისი შენაკადების ნაპირებზე მდებარე ბევრ ქალაქში.

ადამიანების დახმარების ოპერაციაში ვერტმფრენები ჩაერთო

გადაუღებელი ძლიერი წვიმებისა და მისგან გამოწვეული დატბორვის გამო არვაილერის რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პოლიციის მონაცემებით, რამდენიმე ქალაქი გარე სამყაროსგან მოწყვეტილი აღმოჩნდა. ადამიანები იძულებულები გახდნენ, თავიანთი სახლის სახურავზე დალოდებოდნენ მაშველებს. დაზარალებულთა დასახმარებლად ვერტმფრენები და 100-ობით ჯარისკაცი გაიგზავნა, მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინეს დაზარალებულ მოქალაქეებს მოხალისეებმა.

რამდენადაც არვაილერში სიტუაცია ძალიან სერიოზული რჩება, ადგილობრივმა ადმინისტრაციამ ადამიანებს მოუწოდა, სახლში დარჩნენ და აუცილებლობის შემთხვევაში ზედა სართულებზე ავიდნენ.

ძლიერი წვიმების და წყალდიდობების გამო გამოირთო ელექტროენერგია, შეფერხებებია სასმელი წყლის მიწოდებაშიც რაინალდ-პფალცში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიასა და საარში. ხუთშაბათს აიფელის მთიანეთში მდებარე სკოლები დაიკეტა.

Deutsche Bahn-ის კონცერნმა, გერმანიის ძირითადმა სარკინიგზო ოპერატორმა, მგზავრებს მოუწოდა, უახლოეს დღეებში თავი შეიკავონ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში  და ამ ფედერალური მიწის საზღვრებს გარეთ გამგზავრებისგან, რადგან რკინიგზის ბევრი მონაკვეთი ამ რეგიონის ტერიტორიაზე წყალქვეშ აღმოჩნდა და მატარებლების მოძრაობისთვის გამოუსადეგარია.

ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრი, გერმანიის კანცლერობის კანდიდატი არმინ ლაშეტი (Armin Laschet) წყალდიდობისგან ყველაზე ძლიერ დაზარალებულ ქალაქ ჰაგენში ჩავიდა. მან სტიქიის მიზეზად გლობალური დათბობა დაასახელა.

კანცლერი მერკელი, რომელიც ვაშინგტონში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით, უამინდობისგან დაზარალებულ რეგიონებს დახმარებას დაჰპირდა. მან მწუხარება გამოთქვა ადამიანების გარდაცვალების გამო.

როგორც სააგენტო dpa იტყობინება, მერკელმა გერმანიის ფინანსთა მინისტრთან, ოლაფ შოლცთან ერთად უკვე განიხილა წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად სახელმწიფო დახმარების გეგმა, თუმცა, მისი თქმით, ახლა მთავარი ადამიანების გადარჩენაა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა ბელგიაში და მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა ნიდერლანდებსაც.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close