მსოფლიოსაზოგადოება

გერმანიაში სტიქიის მსხვერპლთა რიცხვმა 80-ს გადააჭარბა, ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება (ვიდეო)

დაზუსტებული მონაცემებით, გერმანიის დასავლეთით, სხვადასხვა რაიონში გადაუღებელი ძლიერი წვიმებით გამოწვეულ ვითარებას 80-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დღეს, 16 ივლისს ფედერალური მიწის, რაინლანდ-პფალცის პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ  მარტო მათი ფედერალური მიწის ტერიტორიაზე სტიქიას არანაკლებ 50 მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. მეზობელ ფედერალურ მიწაზე – ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ხელისუფლებამ 31 დაღუპოულის შესახებ განაცხადა.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, მონაცემები ადამიანებზე, რომლებიც უკვალოდ დაკარგულად მიიჩნევიან, ძალზე განსხვავდება ერთმანეთისგან. გუშინ, ხუთშაბათს ორივე ფედერალურ მიწაზე დღის განმავლობაში ათობით დაკარგულზე საუბრობდნენ, თუმცა გვიან საღამოს ბად-ნოიენარ-არვაილერის ოლქის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უგზოუკვლოდ დაკარგულთა შორის 1300 ადამიანი ირიცხება. ოლქის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ეს შესაძლოა მობილური კავშირის არარსებობას უკავშირდებოდეს.

ციკლონ „ბერნდით“ გამოწვეული გადაუღებელი ძლიერი წვიმებისა და დატბორვის გამო არვაილერის რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პოლიციის მონაცემებით, რამდენიმე ქალაქი გარე სამყაროსგან მოწყვეტილი აღმოჩნდა. ადამიანები იძულებულები გახდნენ, თავიანთი სახლის სახურავზე დალოდებოდნენ მაშველებს. დაზარალებულთა დასახმარებლად ვერტმფრენები და 100-ობით ჯარისკაცი გაიგზავნა, მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინეს დაზარალებულ მოქალაქეებს მოხალისეებმა.

კანცლერმა მერკელმა მომხდარს „კატასტროფა“ უწოდა, მან მწუხარება გამოთქვა ადამიანების გარდაცვალების გამო.

როგორც სააგენტო dpa იტყობინება, მერკელმა გერმანიის ფინანსთა მინისტრთან, ოლაფ შოლცთან ერთად უკვე განიხილა წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად სახელმწიფო დახმარების გეგმა.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close