გარდაიცვალა „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისის მოვლენების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისის მოვლენების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ, გარდაიცვალა. ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. მიმდინარეობს ექსპერტიზა და პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ლექსო ლაშქარავას ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად სახის ძვლები ჰქონდა დამსხვრეული და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. იგი საავადმყოფოში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, შემდეგ კი სახლში გაწერეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თორნიკე დავლაშერიძე და აკაკი ნაკაშიძე დააკავა. მათ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. პროკურატურის ვერსიით, ისინი ხელებით და ფეხებით, აგრეთვე, ბლაგვი საგნებით გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს და ამ გზით შეუშალეს ხელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში.
კომენტარები