fbpx
მედიცინა

ყავა კანის კიბოს უჯრედების ზრდას ბლოკავს

იტალიელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა ჟურნალ Molecules-ში, კოფეინმა შესაძლოა დამცავი ზემოქმედება მოახდინოს კანის კიბოს ყველაზე აგრესიული ფორმის, მელანომის უჯრედების ზრდის წინააღმდეგ.

ყავა მელანომის უჯრედებს ბლოკავს

ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ჯანმრთელობის უმაღლესი ინსტიტუტის (Istituto Superiore di Sanità/ISS) მკვლევარები ორი იტალიური უნივერსიტეტის  (ფერარის უნივერსიტეტი და რომის უნივერსიტეტი „ტოპ ვერგატა“) კოლეგებთან თანამშრომლობით, ლაბორატორიული კვლევების შედეგად.

მეცნიერებმა პრაქტიკაში დაადგინეს ცილა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ფუნდამენტურ როლს თამაშობს კოფეინის ასეთ კეთილისმყოფელ მოქმედებაში.

„ეს არის ფერმენტი თიროზინაზა, რომელიც, როგორც ცნობილია, საკვანძო როლს ასრულებს მელანინის სინთეზში. მას აქვს ულტრაიისფერი სხივებით გამოწვეული დაზიანებების შედეგების წინააღმდეგ როგორც დამცავი, ისე მნიშვნელოვანი იმუნომოდულატორული ფუნქცია“, – განმარტავს ფრანჩესკო ფაკიანო, ISS-ის ონკოლოგიისა და მოლეკულური მედიცინის დეპარტამენტში ჩატარებული კვლევის კოორდინატორი. მისი თქმით, „ფაქტობრივად, კოფეინი მნიშვნელოვნად ამცირებს სიმსივნური უჯრედების ზრდას“.

3 ან 4 ფინჯანი ყავა – ჯანმრთელობისთვის

1990-იან წლებში ყავა კიბოს შესწავლის საერთაშორისო სააგენტოს – IARC-ს სიაში შეიტანეს, როგორც მნიშვნელოვანი კარცენოგენი (შეტანილი იყო 2b ჯგუფში), რადგან ვარაუდობდნენ, რომ მას კავშირი აქვს საშარდე ბუშტის კიბოსთან, თუმცა კომისიის მიერ 500 სხვადასხვა კვლევის ჩატარების შემდეგ, 2016 წელს, IARC-ს კლასიფიკაციით, ყავა მე-3 კატეგორიამდე „ჩამოქვეითდა“, რომელშიც არ არის კარცეროგენული რისკის მტკიცებულება.

სხვა კვლევების შედეგად, პირიქით, აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და საყვარელ სასმელს, სავარაუდოდ, დამცველობითი თვისება აქვს სხვადასხვა ტიპის კიბოს წინააღმდეგ და ეს დამსახურება შეიძლება მივაწეროთ კოფეინსაც და დაახლოებით 100 სხვადასხვა ნივთიერებასაც, რომელიც ფინჯან ესპრესოში შედის.

ითვლება, რომ კოფეინი ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას, სიმხნევეს მატებს ადამიანს და ნაწლავების პერისტალტიკას აუმჯობესებს. ყავის სხვა კომპონენტებს (პოლიფენოლების ჩათვლით) შესაძლოა ჰქონდეს კეთილისმყოფელი ეფექტები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ღვიძლის ციროზის და სხვადასხვა ფორმის კიბოს დაწყების თავიდან აცილების მხრივ, თუმცა საჭიროა ზომიერების დაცვა, უზომო მოხმარება ყოველთვის რისკის შემცველია: ზემოაღნიშნული სამეცნიერო კვლევის თანახმად, დღეში 3-4 ფინჯანი ყავის დალევა „ნორმალურია“, თუ კოფეინს თქვენთვის უკუჩვენება არ აქვს.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close